საქართველოს ეკონომიკა სხვადასხვა პარამეტრების გაუმჯობესებით, ბოლო წლების განმავლობაში პოზიტიურ ზრდას აჩვენებდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, გასულ წელს წინასწარი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა 9,4%-ით გაიზარდა. წელს კი არსებული პროგნოზით, მაქსიმუმ 8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მოცემულ მომენტში ქვეყანაში ინფლაცია 1,9%-ს შეადგენს. სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია. ხოლო 2025 წლის წლიური პროგნოზი ჯერ უცნობია.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციის თანახმად, შენარჩუნებულია რეფინანსირების განაკვეთის 8%-იანი ზღვარი. თუმცა, ბოლო ცნობებით, ბანკის საბჭო მიანიშნებს, რომ შესაძლოა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ნებისმიერ მომენტში გაეზარდოთ მეწარმეებსა და მოქალაქეებს.
ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრ და ნეგატიურ ცვლილებებს ელიან დამოუკიდებელი ეკონომისტები. ისინი ამბობენ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისისა და გაურკვეველი მომავლის ფონზე, ეკონომიკა და მისი შემადგენელი კომპონენტები სერიოზული რისკის წინაშეა.
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკას მისი მამოძრავებელი ფუნდამენტური მიმართულებების გაუარესება დააზიანებს, ამას კი საფუძვლად პოლიტიკური ფაქტორი ექნება.
„არსებული მდგომარეობით ეკონომიკაში კარგი სასტარტო სურათი ჩანს, მაგრამ ამ პოლიტიკური კრიზისის პირობებში იკვეთება მნიშვნელოვანი რისკები. პირველი, ეს არის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა. ვფიქრობ, თუ გაცვლითი კურსის გაუფასურება გაგრძელდა 2025 წლის განმავლობაში, ამას ჯაჭვური ბმა მოჰყვება ეკონომიკის სხვა მაჩვენებლების გაუარესების მხრივ. ამის შემდეგ იქნება ინფლაციის ზრდა, რაც თავის მხრივ მრავალი მიმართულებით გაზრდის ხარჯებს. პოლიტიკური კრიზისის თანმდევი იქნება მოსახლეობის მხრიდან ხარჯვის შემცირება, იმავე მოთხოვნის შემცირება, რაც ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთო ჯამში, თუ გვაქვს არასტაბილური გაცვლითი კურსი, გაზრდილი ინფლაცია და მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება, ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე და მის ზრდას შეანელებს. შიდა და გარე უარყოფითი შოკების პირობებში თუ საქართველო ტურისტებისთვის აღარ იქნება მიმზიდველი, მათ შორის იმ რუსებისთვისაც, ვინც აქ უკვე ცხოვრობენ, თუ გაიზარდა და გაძლიერდა სანქციები, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და სხვა მმართველ პირებზე, არამედ გავრცელდა ქვეყანაზეც, ეს კიდევ დამატებითი დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისთვის. ეს უარყოფითად იმოქმედებს მცირე და საშუალო ბიზნესზე, ასევე რიგით მოქალაქეებზე. გაძვირდება დაკრედიტება და ყოველდღიური ხარჯები“, – აცხადებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი.
„თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა“, რომელიც არსებული პოლიტიკური კრიზისის დროს შეიქმნა, 2400-ზე მეტ სამეწარმეო სუბიექტს აერთიანებს. ამ პლატფორმის ხელმომწერი ბიზნესები ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების“ საგარეო კურსთან დაკავშირებულ ნაბიჯებს და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო კამპანიას სოლიდარობას უცხადებენ.
Freebusiness.ge-ს დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ ბიზნესგარემო გაუარესებულია და მის პლატფორმაში შემავალ კომპანიებს მკვეთრად ნეგატიური მოლოდინი აქვთ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად აისახება.
„ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც ამ პლატფორმას შემოუერთდნენ, საფრთხედ მიიჩნევენ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და თვლიან, რომ ამ რყევებმა შესაძლოა ეკონომიკურ კრიზისამდე მიგვიყვანოს. ამ პლატფორმის წევრ ორგანიზაციებში ჩავატარეთ გამოკითხვა და ვიცით, მათი მდგომარეობა. ბევრ მათგანს დაგეგმილთან შედარებით 25-დან 50%-მდე ნაკლები ბრუნვა აქვს უკვე, ამ მოკლე პერიოდში. თუ ეს პოლიტიკური არასტაბილურობა გაგრძელდა და არ მოხდა ნეგატიური პროცესების დეესკალაცია, ასევე გაგრძელდა სანქციები და იზოლაცია, მათ შორის ქვეყნის მიმართულებით და არა კონკრეტული პირების მიმართ, ამან შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები მოიტანოს საქართველოს ეკონომისთვის. ჩვენ განსაკუთრებით გვაღელვებს ეროვნული ვალუტის კურსისა და ინფლაციის საკითხები, რადგან ამ ვითარებაში შეიძლება უმართავი გახდეს. ამ კრიზისის წყარო არის პოლიტიკური და შესაბამისად, მას ეკონომიკური საკითხების დარეგულირება ვერ გამოასწორებს. ამიტომ ის კომპანიებიც, რომლებიც შემოუერთდნენ ჩვენს პლატფორმას, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მთავარ პირობად ორ საკითხს ასახელებენ – გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ასეთი კრიზისები შეიძლება ახალი არჩევნებით გადაწყდეს“, – აცხადებს გიორგი ჩუგოშვილი.
ინფლაციის, რეფინანსირების განაკვეთისა და ეკონომიკური ზრდის მონაცემები ოფიციალური უწყებების თანახმად, ჯერჯერობით სტაბილურ მაჩვენებლებზეა. ქვეყნის ეკონომიკის, ისევე როგორც საგარეო კურსისა და მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის ბედს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები გადაწყვეტს.
ავტორი: ალეკო გვეტაძე