რა ვიცით სისხლის სამართლის 38 საქმეზე, რომლებსაც საქალაქო სასამართლო განიხილავს.
10 იანვარს, დილით, 11-ის ნახევარზე, თბილისის საქალაქო სასამართლო საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებას გადასინჯავს. საუბარია კონკრეტულად 6 ბრალდებულზე, ესენი არიან: ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი და ანდრო ჭიჭინაძე.
საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, ახალგაზრდა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურის მოთხოვნით საქმის არსებითი განხილვა კიდევ ორი თვით გადაიდო. 10 დეკემბერს დაგეგმილი სხდომის დროს სასამართლო მხოლოდ იმას გადაწყვეტს, საქმის განხილვამდე რჩება თუ არა მსახიობი პატიმრობაში.
„რეალობის შეგრძნებას პერიოდულად ვკარგავ, – მგონია, რომ დღეები კი არ გადის, ეს არის ერთი დიდი დღე, მოსვენება არ გვაქვს… ჯერ რასაც ჩვენ ვუყურეთ – დასახიჩრებულ ბავშვებს… თავიდან არ ამომდის… ისეთი შეგრძნება იყო, რომ გავიღვიძეთ 37 წელში… მადლობა ღმერთს, რომ ანდრო მშვიდად და წყნარად მაინც წაიყვანეს სახლიდან”, – ამბობს ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე.
5 დეკემბრის შემდეგ დედამ შვილთან ხანმოკლე სატელეფონო საუბრის დროს მხოლოდ რამდენიმე სიტყვის გაცვლა მოასწრო.
„ცოტა დრო აქვს სალაპარაკოდ და ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს, ვისაც ერთი წუთით მაინც უნდა, რომ დაელაპარაკოს – მეგობრები, კოლეგები, მამა, შვილი და ა.შ. ამიტომ ერთი წუთი თუ ველაპარაკები და ისიც, არ ვიცი, რომელი ამბავი მოვასწრო, რომ ვუთხრა. ძალიან ვნერვიულობ ხოლმე, როცა რეკავს.
კარგი ბიჭები მყავს კამერაში, ძალიან დავმეგობრდით, ბევრს ვკითხულობ და ვწერო, სხვათა შორის იმასაც ამბობს, ადმინისტრაცია ძალიან კარგად მექცევაო.
მინდა დავიჯერო, რომ მოსამართლემ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს (მისი ბედი), იქნებ თვითონ, პიროვნულად გადაწყვიტოს და არა ზემოდან ნაკარნახევი (გადაწყვეტილება მიიღოს). რაღაც პროცენტს მაინც ვიტოვებ, რომ რაღაც ადამიანობა გაიღვიძებს მოსამართლეში.
ასეთ თანადგომას, რაც ვნახე, ჩემი შვილის მიმართ, საერთოდ არ მოველოდი. ისეთი მადლიერი ვარ ყველასი – თეატრის, ხალხის, რომელსაც სულ არ ვიცნობ. მწერენ, ქუჩაში მაჩერებენ – ეს თანადგომა ძალიან დიდ ძალას მაძლევს, ყველაფერს ვინახავ – ყველა ფრაზას, ყველა წერილს. ანდრო რომ გამოვა, უნდა ვაჩვენო ეს არნახული მხარდაჭერა. ეს მაცოცხლებს და მაძლევს ძალას. მთებს გადავაგორებ ამ მხარდაჭერით”, – ამბობს ლიკა გუნცაძე.
ადვოკატებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ჭიჭინაძის საქმესთან კიდევ ერთი დიდი საქმე ერთიანდება, რაც ბრალდებულების რაოდენობას 11-მდე ზრდის. მათივე ინფორმაციით, სწორედ ეს ცვლილება გახდა პროკურატურის მიერ დამატებით მტკიცებულებების შესაგროვებლად განხილვის გადავადების მოთხოვნის მიზეზი. სისხლის სამართლის სხვა საქმეებთან ერთად, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება, ჭიჭინაძის საქმესაც მონიტორინგს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” უწევს.
„ერთ თვეზე მეტი ხანია გასული, რაც ამ პირებს ბრალი წარუდგინეს და ამ ეტაპამდე პროკურატურას უკვე უნდა ჰქონდეს მტკიცებულებები მოპოვებული. არადა, მაშინვე უნდა ჰქონოდა ეს მტკიცებულებები მოპოვებული, როცა გადაწყვიტეს, რომ ამ პირებისთვის კონკრეტული მუხლებით ბრალი წარედგინათ. პროკურატურა ამ პირებს ედავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თუმცა, ეს მონაწილეობა, როგორც პროკურატურა ამბობდა, არ იყო წინასწარ შეთანხმებული. ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ პირებს, რომლებზეც ამბობდნენ, რომ სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ქმედება განახორციელეს – ეს მიიჩნია პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობად, რაც კრიტიკას ვერ უძლებს”, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სისხლის სამართლის ანალიტიკოსი ფატი ჩაფიჩაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლო ამჟამად ნოემბერ-დეკემბრის პროტესტის მონაწილეთა სისხლის სამართლის 38 საქმე განიხილავს. ეს საქმეები ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. ამ საქმეებიდან სასამართლომ პატიმრობა გირაოთი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეცვალა.
იმ პირების საერთო რაოდენობა კი, ვინც მარტიდან დეკემბრის ჩათვლით მიმდინარე საპროტესტო აქციებისას სისხლის სამართლის წესით დააკავეს, 50-ს აღემატება.
„მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ პროკურატურის შუამდგომლობები, რომლებითაც ითხოვდნენ პატიმრობას, უმეტესად დაუსაბუთებელი იყო. არ იყო გათვალისწინებული ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, პროკურორი ასევე ვერ ასაბუთებდა იმ საფრთხეებს, რომლებიც ამ ადამიანების გარეთ ყოფნას შეიძლება უკავშირდებოდეს. ბოლო აქციებთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სახით 40-მდე პირი წარდგა. წინა აქციების დროს მსგავსი ტენდენცია არ ყოფილა. შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით პირთა დევნის ტენდენცია აქციებთან დაკავშირებით მზარდია”, – ამბობს ფატი ჩაფიჩაძე.
კიდევ ერთი სისხლის სამართლის წესით დაკავებული ვეფხია კასრაძეა. რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მონაწილე ვეტერანს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ედება.
„ის არ ამბობს, რომ მე ვარ პატიმარი, ის ამბობს – მე ვარ ტყვე. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ღირსეული კაცი, რომელიც არის დაპატიმრებული სრულიად სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. არამარტო ვეფხიას, არამედ აქციაზე სხვა დაკავებულების საქმეებზეც პროკურატურას ძალიან უჭირს მტკიცებულებების წარმოდგენა“,- ამბობს ვეფხია კასრაძის ადვოკატი კახა კოჟორიძე.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდების მხარე ამ შემთხვევაშიც პროცესის გადადების მოთხოვნას გეგმავს.
„ალბათ, სასამართლო ამ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს. ვნახოთ, რა იქნება 16 იანვარს. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პირს პროკურატურა ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ჩემს კითხვაზე, დამისახელონ ამ ჯგუფის ერთი წევრი, პროკურატურას პასუხი არა აქვს. მსგავსი ქმედება კანონის მიხედვით, დანაშაული მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას მოჰყვება რაიმე კანონსაწინააღმდეგო შედეგი – ნივთის პირის დაზიანება ან სხვა. ვეკითხები: დამისახლეთ ერთი დაზიანებული ნივთი, ერთი დაზიანებული პირი და პროკურატურას პასუხი არ აქვს. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში რაიმე მტკიცებულების მოლოდინი ჩვენ არ გაქვს”, – ამბობს კოჟორიძე.
10 დეკემბერს, სხდომის დაწყებამდე, საქალაქო სასამართლოსთან ანდრო ჭიჭინაძის მეგობრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
„თუ მოახერხებთ, რომ მოხვიდეთ სასამართლოსთან, ძალიან მადლიერი ვიქნები, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაბედოს… გაბედეთ, რა!” – ამბობს ლიკა გუნცაძე.
და ბოლოს, ის, რისი თქმაც დედამ შვილისთვის ტელეფონით ვერ მოასწრო…
„ძალიან მაგრად იყავი! ეს დრო გამოიყენე შენი პიროვნული ზრდისთვის! ბევრი იკითხე, წერე, იფიქრე და ყველაფერი კარგად იქნება! მე ამას გპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება!” – ასე მიმართავს შვილს ლიკა გუნცაძე.