მთავარისაქართველო„ვაგრძელებ მუშაობას, როგორც პრეზიდენტი” - სალომე ზურაბიშვილი

„ვაგრძელებ მუშაობას, როგორც პრეზიდენტი” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას ახალი სამუშაო სივრციდან მიმართა. მისი თქმით, მე-5 პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩვეულებრივად გააგრძელებს საქმიანობას და აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„ბრძოლა გრძელდება, მისი მთავარი კომპონენტი ის ხალხია, რომელიც ქუჩაში დგას, რასაც რამდენადაც შემიძლია, ვუერთდები. ის ხალხი, რომელიც დგას არა მხოლოდ თბილისში, არამედ თბილისის გარეთაც. ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ხვალ ზუგდიდში მივდივარ, სადაც ამ ხალხთან, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, მათთან ვიქნები. მას შემდეგ, რაც ამერიკიდან დავბრუნდები, გავაგრძელებ სხვადასხვა რეგიონში ჩასვლას იმიტომ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის პროტესტი მხოლოდ თბილისში არ არის, ამაში დიდი სიახლეა, რომ მთელ ქვეყანაში არის გავრცელებული. ჩვენც ყველგან უნდა ვედგეთ გვერდში ჩვენს მოქალაქეებს, სადაც არ უნდა იყვნენ, ეს არის ჩემი მიზანი. მე ყველასთან მექნება კავშირი. ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი. მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოს, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლებისა და მისი კურსის გარეშე არ შეიძლება მიღწეული იყოს“, – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩამოშლის ზღვარზეა და აქტიური სამოქალაქო პროტესტის, პოლიტიკური ბოიკოტისა და დასავლეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად ეს პროცესი სულ უფრო აქტიური იქნება. მე-5 პრეზიდენტი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ორ გამოსავალს ხედავს. პირველი ეს „ქართული ოცნების” მიერ ახალი არჩევნების დანიშვნით პოზიციების დათმობა, ან რეჟიმის თვითჩამოშლაა.

„არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის არა ცნობილი პრინციპი, არამედ მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, სადაც არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ.

ხელისუფლება უკვე იშლება. ვერტიკალში ძალიან სერიოზული კითხვებია. პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არა ჩვეულებრივ ინსტიტუციურ ვერტიკალს. დიდხანს ვერც ერთი ინსტიტუტი და ვერც ერთი ადამიანი, რომელიც მიყიდული არ არის, ვერ შეეგუება იმას, რომ მართული იყოს ამ ფორმითა და პირდაპირ ინსტრუქციებით იყოს დამორჩილებული.

დღეს მმართველ გუნდს ორი ვარიანტი აქვს: ერთი, რომ ეს რეალობა დაინახოს, დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე იმ ძალებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში არიან და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს. ამაზე დოკუმენტი მზადდება და მომდევნო დღეებში პრაქტიკულად მზად იქნება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამავე ბრიფინგზე მეხუთე პრეზიდენტმა ისაუბრა საგარეო ურთიერთობებზეც. მისი თქმით, საქართველოდან იგი იქნება ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციას დაესწრება. ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს.

„გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ იზოლაციიდან. მე მაქვს როლი და ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. სხვადასხვა ვარიანტია ინაუგურაციაზე მიწვევის, რომელშიც არავინ იხდის ფულს. ასე რომ იყოს, სხვებს, ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ ეს თანხები გადაიხადოს. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend