მთავარიევროპაუკრაინადონეცკის ფლანგზე მძიმე ბრძოლებია

დონეცკის ფლანგზე მძიმე ბრძოლებია

საბრძოლო მოქმედებები ყველაზე აქტიური ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ უკრაინაშია.

მძიმე ბრძოლა განსაკუთრებით დონეცკის ფლანგზე მიმდინარეობს. თითქმის ერთი წელია კრემლის საოკუპაციო არმია აქ ჭარბი ცოცხალი ძალით ცდილობს, პოზიციები დაათმობინოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

ყველას კარგად ახსოვს ბრძოლა ავდიივკისთვის. ავდიივკის დაკავების შემდეგ ფრონტის ხაზმა დასავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრით გადაიწია.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ინფორმაციით, ამჯერად, ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე მიმართულებითაა. ესაა დასახლება ტორეცკი, პოკროვსკის მისადგომები და დონეცკის სამხრეთით მდებარე დასახლება ვუჰლედარი.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მიერ მომზადებულ რუკაზე ჩანს, რომ დასახლება ვუჰლედარი ალყაშია მოქცეული.

მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები ვუჰლედარის ფლანგზე დაწინაურდნენ და დასახლებაშიც შევიდნენ. რუსი სამხედრო ბლოგერების თქმით, კრემლის არმიამ დესანტნიკივის ქუჩა დაიკავა. აღმოსავლეთ ვუჰლედარსა და დასავლეთ მიმართულებაზეც მათ ერთ-ნახევარი კილომეტრით წაიწიეს წინ. სასტიკი ბრძოლის გამო დასახლებაში მყოფი უკრაინული ძალების საბრძოლო მომარაგება რთულია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დასახლება ვუჰლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, თუმცა დაახლოებით 100 მოსახლე მაინც რჩება ტერიტორიაზე.

სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს პოკროვსკის ფლანგზეც. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ამ ფლანგზე ერთ დღეში 54 რუსული იერიში მოიგერიეს უკრაინელებმა. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, რუსი სამხედროები მცირედით, მაგრამ მაინც დაწინაურდნენ ამ დასახლების მიმართულებით. ვითარებას ართულებს ის, რომ კრემლის არმია მასშტაბურად ბომბავს უკრაინულ პოზიციებს საარტილერიო საშუალებებითა და პლანირებადი ავიაბომბებით. პოკროვსკის აღებით რუს ჯარისკაცებს უკრაინის არმიისთვის ფრონტზე სხვადასხვა სახის ლოგისტიკური პრობლემის შექმნა შეუძლიათ.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ტორეცკის ფლანგზე. ეს დასახლება ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით დაახლოებით 35 კილომეტრითაა დაშორებული. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, ბრძოლა უკვე დასახლების შიგნით იმართება და უკრაინელები სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის ჭარბ ცოცხალ ძალასა და ძლიერ კომბინირებულ იერიშებს.

ამასთან, დიდია მსხვერპლი თავად კრემლის არმიაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ერთ დღეში 1400 სამხედრო დაკარგეს ოკუპანტებმა. ასევე განადგურდა 10 რუსული ტანკი, 44 ჯავშანმანქანა, 71 საარტილერიო სისტემა და 67 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend