მთავარისაქართველოსაოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, უკვე ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები.

ასევე, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. სუსის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“. უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, დე-ფაქტო „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება.

საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend