უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელიც დასავლელი მოკავშირეების მიერ სამშვიდობო შეთანხმების უარყოფის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას უკავშირდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 დეკემბერს სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს ნიშნები, რომ კრემლს ომის გაგრძელება მომავალ წელსაც სურს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 17 დეკემბერს ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არ აპირებს არანაირ დათმობებზე წასვლას და ე.წ. სამხედრო ოპერაციის, ანუ უკრაინაში ომის თავდაპირველ მიზნებს აუცილებლად მიაღწევს.
ვრცელ გამოსვლაში პუტინი დასავლეთის ქვეყნებსაც დაემუქრა და თქვა, რომ რუსეთი განაგრძობს შეიარაღების, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღის, სრულყოფას.
„დღეს მოსკოვიდან კვლავ მოვისმინეთ ის, რომ ისინი ემზადებიან, მომავალი წელი ომის წლად აქციონ. და ეს მინიშნება მხოლოდ ჩვენთვის არ არის. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაინახონ ეს და არა მხოლოდ დაინახონ, არამედ უპასუხონ კიდეც – განსაკუთრებით პარტნიორებმა შეერთებულ შტატებში, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს. თუმცა, რუსეთიდან მომავალი რიტორიკა და მინიშნებები სრულიად საპირისპიროა და ეს აისახება იმ ოფიციალურ ბრძანებებში, რომლებსაც რუსეთი არმიისთვის გასცემს.
საჭიროა, გავიაზროთ რუსული მენტალიტეტი და მივიღოთ შესაბამისი ზომები. ამ მიდგომით ისინი ძირს უთხრიან დიპლომატიას. ისინი ცდილობენ, სხვადასხვა დიპლომატიური ენის გამოყენებითა და დოკუმენტებში კონკრეტულ პუნქტებზე ზეწოლით შენიღბონ უკრაინისა და უკრაინელების განადგურებისა და მიწების მითვისების ლეგიტიმაციის სურვილი. ამას მოჰყვება ისიც, რომ ერთ დღეს რუსეთში გამოჩნდება ვინმე, ვინც იტყვის, რომ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაც რუსეთის ისტორიული მიწაა“, – განაცხადა თვის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

