ვლადიმერ პუტინმა ფაქტობრივად პირდაპირ დაადასტურა, რომ რაიმე რეალურ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას 17 დეკემბერს მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნაცნობი ნარატივი, თითქოს რუსეთი ნატოს წინააღმდეგ იბრძვის და არა უკრაინაში დაწყებულ საკუთარ აგრესიაშია ჩაფლული.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები უპირობოდ მიიღწევა. ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, რომ კონფლიქტის თავდაპირველი მიზეზები დიპლომატიის გზით აღმოგვეფხვრა, თუმცა თუ მოწინააღმდეგე ქვეყანა და მისი უცხოელი მფარველები უარს იტყვიან საუბარზე, რუსეთი ამ მიზანს საომარი გზით მიაღწევს.
ბუფერული ზონის შექმნისა და გაფართოების ამოცანა ასევე ეტაპობრივად შესრულდება. ასევე მაღალი ტემპით უნდა გაგრძელდეს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის მტკიცებით, მოსკოვი ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევს „თავის მიზნებს“ უკრაინაში, იქნება ეს დიალოგის გზით თუ ომის გაგრძელებით:
„არაერთხელ ერთმნიშვნელოვნად მითქვამს, ეს ტყუილია, ეს ბოდვაა… უბრალოდ ბოდვაა, რომ რუსეთი რამე საფრთხეს უქმნის ევროპულ ქვეყნებს. თუმცა ეს ყველაფერი სრულად გაცნობიერებულად კეთდება. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი ყოველთვის, თუნდაც ყველაზე რთულ ვითარებაშიც, ბოლომდე, თუნდაც სულ მცირე შანსის არსებობის შემთხვევაშიც იღვწოდა მოეძებნა დიპლომატიური გადაწყვეტა. თუ ეს შანსი ვინმემ არ გამოიყენა, ამის პასუხისმგებლობა სრულად აწევს იმ პირებს, ვინც ირწმუნებოდა, რომ ჩვენთან ძალისმიერი ენით საუბარი შესაძლებელია”.
პუტინმა შეხვედრაზე ასევე ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთი თითქოს მუდმივად მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტები.
ამ „მშვიდობისმოყვარე“ ნარატივის კულმინაციად კი მან განაცხადა, რომ 2022 წელს უკრაინაში ომი თავად უკრაინამ დაიწყო.
პუტინის გამოსვლაში მკაფიოდ ისმოდა მუქარაც დასავლეთის, განსაკუთრებით კი ევროპის ქვეყნების მისამართით.
რუსეთის პრეზიდენტი იწონებდა თავს ბირთვული არსენალით და ამტკიცებდა, რომ მის ხელთარსებული იარაღის ანალოგი „მსოფლიოში არავის აქვს“. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს ბირთვული იარაღის განვითარებას…
