ჰააგაში დაფუძნდა საერთაშორისო საჩივრების კომისია, რომლის მიზანია უკრაინისთვის რუსეთის მიერ მიყენებული ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება.
კომისია იმუშავებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანის არსებულ რეესტრზე დაყრდნობით და შეიქმნება ევროპის საბჭოს ფარგლებში, თუმცა სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ მასში გაწევრიანება.
თავად უკრაინისთვის მიყენებული ზიანის რეესტრი, 2023 წელს შეიქმნა და ის აგროვებს და აღრიცხავს უკრაინაში ფიზიკური პირების, ორგანიზაციებისა და საჯარო ორგანოების მიერ წარდგენილ კომპენსაციის მოთხოვნებს.
ამ დროისთვის რეესტრში უკვე შეტანილია 80 ათასზე მეტი განაცხადი, ხოლო მასში გაწევრიანებულია 44 სახელმწიფო და ევროკავშირი.
ნიდერლანდებში დაფუძნებული კომისიის მიერ ზიანის ანაზღაურების მექანიზმი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა ადრეულ ეტაპზე განხილვა ეხება ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასა და კომისიის წევრი ქვეყნების ფინანსურ შენატანს.
„მინდა, მადლობა ვუთხრა თქვენს ქვეყნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის წლებში თქვენი ქვეყნები ჩვენ გვერდით დგანან. რა თქმა უნდა, თითოეულ რუსულ სამხედრო დანაშაულს უნდა მოჰყვეს შედეგები მათთვის, ვინც ისინი ჩაიდინა. ვიმედოვნებთ, რომ ტრიბუნალი რუსული აგრესიის მიმართ იმუშავებს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც მშვიდობა სურს ევროპაში. ამის იმედი გვაქვს. კომპენსაციის თითოეული მექანიზმი ზიანის რეგისტრაციიდან, ზარალის კომპენსაციიდან ფაქტობრივ ანაზღაურებამდე, დაიწყებს მუშაობას და ძლიერ და საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს, რათა ხალხმა რეალურად იგრძნოს, რომ ომით მიყენებული ნებისმიერი ზიანი შეიძლება იყოს კომპენსირებული. ეს ომი და რუსეთის პასუხისმგებლობა უნდა გახდეს მკაფიო მაგალითი, რომ სხვებმა მისით ისწავლონ, არ წამოიწყონ აგრესია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომისიის დაფუძნების დღეს ნიდერლანდებში ჩავიდა არაერთი მხარდამჭერი ქვეყნის წარმომადგენელი და მათ შორის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.
„საქართველო, როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ ამ უსამართლო ომის შედეგად. საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ხალხის ბრძოლა გულგრილს ვერ დაგვტოვებს. ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ, მეტ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად. საქართველო მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

