პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილი“ აშშ-ში მასობრივი განადგურების იარაღად ჩაითვლება.
მან ბრძანებას ხელი15 დეკემბერს, ოვალურ კაბინეტში თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთისა და სხვა მაღალი რანგის სამხედრო თანამდებობის პირების თანხლებით მოაწერა.
ბრძანების მიხედვით, შესაბამისმა სამსახურებმა იმ სადაზვერვო რესურსებით უნდა გამოავლინონ ფენტანილის კონტრაბანდასთან დაკავშირებული ქსელები, რომლებსაც ადრე მასობრივი განადგურების სხვა იარაღის აღმოჩენისას იყენებდნენ.
„ეს ომი რომ ყოფილიყო, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ომი იქნებოდა. ბოლო ხუთი ან ექვსი წლის განმავლობაში, წელიწადში 200 000-იდან 300 000-მდე ადამიანი იხოცებოდა. ამბობენ, რომ 100 000-ია დაღუპული, რაც ძალიან ბევრია, თუმცა, სამწუხაროდ, მაჩვენებელი გაცილებით მეტია. ეს დადასტურებულია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს ზოგიერთი ნარკოკარტელი ტერორისტად გამოაცხადა. მან წყნარ ოკეანაში ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო ბრძოლა და ხშირად სამხედრო ძალასაც იყენებდა.


