ესპანეთი, სლოვენია, ნიდერლანდები, ირლანდია და ახლა უკვე ისლანდიაც. სულ მცირე, 2026 წლის მაისში ევროფანები ვერ იხილავენ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ევროპის მთავარი მუსიკალური კონკურსის სცენაზე.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროვიზიის საიუბილეო 70-ე კონკურსზე მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი გახდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ისრაელი, რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროფესტივალზე დაუშვეს.
ამავე დღეს ჟენევაში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროვიზიის კონკურსის წესებში ცვლილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ღონისძიების ნდობის, გამჭვირვალობისა და ნეიტრალიტეტის გაძლიერებას.
ევროვიზიის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ კონკურსი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ სივრცედ უნდა დარჩეს. მათი ამ პოზიციის მიუხედავად, ბევრი თვლის, რომ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ევროფესტივალი მაინც რჩება პლატფორმად, სადაც პოლიტიკა დღის წესრიგის განმსაზღვრელია.
კონკრეტულად ისლანდიის დელეგაცია ევროვიზიაზე ისრაელის მონაწილეობასთან დაკავშირებით სკეპტიკურად იყო განწყობილი 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენებამდეც. 2019 წელს, როდესაც ევროფესტივალის მასპინძელი თელ-ავივი იყო, ქვეყნის წარმომადგენლებმა პირდაპირ ეთერში გაშალეს პალესტინის მხარდამჭერი ბანერი. მაშინ, ამ შემთხვევის გამო, ისლანდია თითქმის დისკვალიფიციკაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ხუთეული, რომელმაც უარი თქვა 2026 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობისგან, არ არის ერთადერთი, ვინც ისრაელის კონკურსზე დაშვებას ეწინააღმდეგება. ამ მხრივ აქტიურობს ევროფესტივალის ფანების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ღაზაში დაწყებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ. არგუმენტად კი ხშირად ისინი ასახელებენ 2022 წელს მომხდარ პრეცედენტს, როცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მოსკოვი ყოველგვარი ხანგრძლივი განხილვების გარეშე მოკვეთეს კონკურსიდან.
2026 წლის ევროვიზია საიუბილეოა.
12, 14 და 16 მაისს, ავსტრიის დედაქალაქში გასამართ 70-ე კონკურსზე მონაწილეობას 34 ქვეყანა იღებს. მათ შორის არის საქართველოც, თუმცა ეს რაოდენობა ჯერ არ არის საბოლოო. ევროფესტივალზე მონაწილე ქვეყნების გარკვეულ ნაწილს ჯერ არ დაუფიქსირებია საბოლოო პასუხი ან აპირებს უკვე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას. ევროვიზიის ირგვლივ განვითარებული პროცესები კი ევროფანებს შორისაც ბადებს რიტორიკულ კითხვას – ამართლებს კი ის ფესტივალის მთავარ სლოგანს – მუსიკა გვაერთიანებს?!
