მთავარიამერიკააშშ„მოლაპარაკებებისას რუსეთი უფრო ძლიერ პოზიციაშია“ - დონალდ ტრამპი

„მოლაპარაკებებისას რუსეთი უფრო ძლიერ პოზიციაშია“ – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისას რუსეთი უფრო ძლიერ პოზიციაშია – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში ევროპისთვისაც დიდი პრობლემაა.

ტრამპი ამბობს, რომ ევროპა ამ პრობლემას „მარტო თავს ვერ ართმევს“. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ვოლოდიმირ ზელენსკის მისი „სამშვიდობო გეგმა ჯერ არ წაუკითხავს“.

„მარტივი არ არის, რადგან რუსეთს უპირატესობა აქვს. მათ ეს ყოველთვის ჰქონდათ, რადგან ის გაცილებით დიდი ქვეყანაა. ამ მხრივ, ისინი გაცილებით ძლიერები არიან. მე უკრაინას დიდ პატივს ვცემ, უკრაინელ ხალხს და უკრაინის სამხედროებს ვაფასებ, თავისი გამბედაობისთვის, ბრძოლისთვის. მაგრამ რაღაც მომენტში სიდიდე იმარჯვებს. ზელენსკიმ წინადადება უნდა წაიკითხოს. მას ეს არ წაუკითხავს. გუშინდელი მდგომარეობით ვიცი, რომ არ წაუკითხავს. იქნება ღამით წაიკითხა. კარგი იქნებოდა, თუ წაიკითხავდა. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, ამიტომ კარგს იზამს, თუ გეგმას წაიკითხავს. მის ხალხს წინადადება ძალიან მოეწონა, მის მაღალჩინოსნებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ თქვეს, რომ მას ჯერ არ წაუკითხავს. ვფიქრობ, მან ამისთვის დრო უნდა გამონახოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შობამდე სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ვაშინგტონის წინადადებაზე რეაგირებამდე მას დრო სჭირდება სხვა ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებისთვის, ვინაიდან უკრაინა შიშობს, რომ თუ ევროპელები ჩართულები არ იქნებიან პროცესში, ეს ძირს გამოუთხრის დასავლეთის ერთიანობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend