კატეგორიები

უკრაინის საომარი გამოცდილება

უკრაინის საომარი გამოცდილება

დიდი ბრიტანეთში, ერთ-ერთ საწვრთნელ პოლიგონზე, უკრაინელი სამხედროები დასავლელ მოკავშირეებს უპილოტო სისტემებით ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ოპერაცია Interflex-ის ფარგლებში მსგავსი სწავლება პირველი შემთხვევა არ არის.  რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინული არმიის ბრძოლის ტაქტიკა წლების განმავლობაში სწრაფად შეიცვალა, რადგან უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების პროგრამები მუდმივად ითხოვდა განახლებას, რათა ფეხდაფეხ მიჰყოლოდა ბრძოლის ველზე არსებულ ახალ საფრთხეებს. აქ, დიდ ბრიტანეთში, უკრაინელი მებრძოლები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ასწავლიან კიდეც. უპილოტო საფრენი აპარატის პილოტი შვედეთიდან აღნიშნავს, რომ უკრაინელებისგან ბევრი რამ ისწავლეს.

„მათ ომთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება აქვთ. ვისწავლეთ ისიც, თუ როგორ შეგვიძლია ამ გამოცდილების გამოყენება. გადავწყვიტეთ, მივცეთ მათ საუკეთესო განათლება სწორედ აქ. ამიტომ  ვვარჯიშობთ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. ჩვენ ვიზიარებთ მათ გამოცდილებას, რათა სავარჯიშოები უფრო რეალისტური გავხადოთ. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება და ის, რასაც უკრაინელებისგან ვსწავლობთ, შეიძლება მალე შეიცვალოს. უნდა განვსაზღვროთ, რომელი მეთოდი მუშაობს ისევ და რომელი არა. როგორ მივიღოთ მუდმივად ახალი ზომები და ვიყოთ ინოვაციურები, რათა მუდამ ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ მტერზე. დინამიკურობის შენარჩუნების მნიშვნელობა ცხადია. წვრთნების დროს კი ვიყენებთ უამრავ ფუჭ ვაზნას, წყლით სავსე ბუშტებს დრონებიდან ყუმბარების ჩამოგდების სიმულაციისთვის, ბევრ კვამლს და ხმოვან ეფექტებსაც, რათა კარგად მოემზადონ ჯარისკაცები“, – ამბობს შვედი სამხედრო.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათ საწვრთნელ ბაზებზე 56 000-ზე მეტი უკრაინელი ახალწვეული მომზადდა. მომზადების პროცესი კვლავ გრძელდება. ბრიტანული პროგრამა მაქსიმალურად მორგებულია უკრაინის ცვალებად სამხედრო მოთხოვნებზე. საბაზისო საბრძოლო უნარების წვრთნაზე ორიენტირებული მოკლე კურსებიდან თანდათან გადავდივართ ლიდერობისა და ინსტრუქტორთა მომზადებაზე.

ოპერაცია INTERFLEX-ის ფარგლებში 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში მომზადებული უკრაინელი ახალწვეულების გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლიდერობის კურსებზე მყოფთა 83%-ს უკეთ შეუძლია საკუთარი ქვედანაყოფის მოქმედების უსაფრთხო მენეჯმენტი.

„ვისწავლეთ საჰაერო იერიშის ოპერაციები და კონტრშეტევა სანგრებზე. წვრთნებისას ჩვენ ვიყენებდით სხვადასხვა ტიპის დრონს, სადაზვერვოსა და შემტევს. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი სწავლება გამოვიდა.  ჩვენ ბევრი ასპექტი გავიარეთ. ამას იმისთვის ვამბობ, რომ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას, თუ რა ხდება ახლა ბრძოლის ველზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, აგიხსნით რატომ. იმიტომ რომ ფრონტის ხაზზე ახლა ბევრი დრონია. უამრავი… ისინი ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში დაფრინავენ. ფაქტობრივად, დრონები პირველია, რასთან გამკლავებაც მოუწევთ წვრთნაში მონაწილეებს ბრძოლის ველზე. ადამიანს უნდა გააჩნდეს  მოთმინების უნარი, რადგან მისიებს დიდი დრო სჭირდება.

დრონის პილოტი უნდა იყოს მომთმენი. დაუშვებელია  ნაჩქარევი ნაბიჯი. ყველაფერი ასჯერ უნდა იყოს გააზრებული, სანამ გაკეთდება. მე მიმაჩნია, რომ ნატოს ქვეყნებმა ნამდვილად უნდა გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია, გადავცეთ ჩვენს პარტნიორებს, მათ უნდა გაითვალისწინონ ის.  ჩვენ გვაქვს თანამედროვე ომის გამოცდილება. გვესმის, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. და როგორ ვითარდება ტექნოლოგია ახლა. იმიტომ რომ ბრძოლის ველი ძალიან შეიცვალა“, – თქვა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც ბრიტანეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა, მან საკუთარი ვინაობის ანონიმურობა მოითხოვა.

დიდ ბრიტანეთში, ამ სამხედრო ბაზაზე, უკრაინის რამდენიმე მოკავშირე ქვეყნის სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

დრონების ავსტრალიელმა, ბრიტანელმა და შვედმა პილოტებმა მონაწილეობა მიიღეს დრონების სიმულირებულ ომში და უკრაინელი მეომრების გამოცდილება გაიზიარეს.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები