კატეგორიები

კიევის უპილოტო ფლოტმა საგრძნობლად შეაფერხა რუსეთის ოდესღაც დომინანტური შავი ზღვის ფლოტის მანევრები

კიევის უპილოტო ფლოტმა საგრძნობლად შეაფერხა რუსეთის ოდესღაც დომინანტური შავი ზღვის ფლოტის მანევრები
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს საზღვაო დრონების ოპერაციების მეთაური, უპილოტო აპარატების ეფექტიანობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საზღვაო დრონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესაძლებლობები.

საზღვაო დრონები ასევე გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის განკუთვნილი ჩრდილოვან ფლოტზე იერიშებისთვის. მომავალ წელს კი იგეგმება დრონების პროგრამაში ხელოვნური ინტელექტის უფრო ღრმა ინტეგრაცია, რაც, უკრაინელი სამხედროების განცხადებით, კიდევ მეტად გაზრდის ასეთ ტიპის სახმხედრო ოპერაციების ეფექტიანობას და ოპერატორებზე დატვირთვას შეამცირებს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს საზღვაო დრონების ოპერაციების მეთაურის თქმით,  მომავალ წელს რუსეთის ძალების წინააღმდეგ უფრო კომპლექსური იერიშებია მოსალოდნელი. კიევის უპილოტო ფლოტმა საგრძნობლად შეაფერხა რუსეთის ოდესღაც დომინანტური  შავი ზღვის ფლოტის მანევრები.

„ესოშიეითედ პრესთან“ ინტერვიუში სპეციალიზებული საზღვაო დრონების დანაყოფის, „ჯგუფ 13-ის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმების გამო რუსეთი იძულებული გახდა,  ქმედებები შეეცვალა. ამით შეიზღუდა შავი ზღვის მასშტაბური დარტყმების ის შესაძლებლობები, რომლებიც ომის ადრეულ ეტაპზე ვლინდებოდა.

„დღეს ჩვენ ერთგვარ პლატოზე გავედით. ეფექტურად ვზღუდავთ მტრის გადაადგილებებს, მასშტაბური იერიშები,  რომლებსაც ომის ადრეულ ეტაპზე ვხედავდით, გარკვეული პერიოდია, აღარ ყოფილა.  რადგან მტერი ცდილობს, მოერგოს ვითარებას.  ჩვენ ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, რომ შევცვალოთ ეს სიტუაცია და გარდამტეხი მომენტი შევქმნათ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეფექტურობა არ დაგვიკარგავს; ჩვენ უბრალოდ იმ წერტილამდე მივედით, რომელზეც მტერს ვაკავებთ“, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მე-13 დანაყოფის მეთაური.

გასულ თვეს, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საზღვაო დრონები იმ ტანკერების, ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების წინააღმდეგ თავდასხმების დროს გამოიყენებოდა.

მეთაურს ამ ოპერაციების შესახებ არ უსაუბრია. თუმცა აღნიშნა, რომ რუსულ საზღვაო ხომალდებს უჭირთ გადააგდილება და ხშირად პორტიდან რაკეტების გასაშვებად მხოლოდ 40 კილომეტრამდე გადიან, შემდეგ კი უკან იხევენ.

„მტრის მოძრაობა შეზღუდულია. გემი ძლივს მოქმედებს. ის  20 საზღვაო მილს გადის, უშვებს ბალისტიკურ რაკეტებს და უკან ბრუნდება. ისინი მუდმივად იმალებიან. გარკვეულწილად, ეს ჩვენი ქვედანაყოფის შედეგიცაა. რადგან  წარმოიდგინეთ, რა დაჯდება ისეთი ფლოტის შენარჩუნება, რომელსაც ზღვაში მოქმედება არ შეუძლია“, – ამბობს უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მე-13 დანაყოფის მეთაური.

მისი თქმით, უკრაინის დრონების ევოლუციის შემდეგი ეტაპი ხელოვნური ინტელექტის უფრო ღრმა ინტეგრაციაზე იქნება დამოკიდებული, რაც მიზნობრივი მუშაობის გაუმჯობესებასა და ოპერატორის სამუშაო დატვირთვის შემცირებას ისახავს მიზნად.

„ამჟამად, სამიზნის ძებნა კომბინირებული პროცესია, რომელშიც ნაწილობრივ ოპერატორი, ნაწილობრივ კი ხელოვნური ინტელექტია ჩართული. მომავალში თქვენ გაუშვებთ დრონს და ის დამოუკიდებლად მოძებნის სამიზნეს, განასხვავებს სამოქალაქო გემებს სამხედროებისგან და მიიღებს უფრო მეტ გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს მონაცემთა უზარმაზარი ბაზა – ვიდეო და ოპერატიული მასალა – რომელსაც  ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად გამოვიყენებთ“,  – ამბობს უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მე-13 დანაყოფის მეთაური.

უკრაინა ასევე ცდილობს, მომავალ წელს NATO-ს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად დრონების წარმოება გააფართოოს.

გასულ თვეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ათენში ვიზიტის დროს, კიევმა და საბერძნეთმა საზღვაო უპილოტო საფრენ აპარატებზე ერთობლივი მუშაობის, გაფართოებული წვრთნებისა და ასევე საზღვაო საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების გეგმების შესახებ განაცხადეს.

მე-13 დანაყოფის მეთაური აცხადებს, რომ რუსეთის შეცვლილი ქმედებების მიუხედავად,  უკრაინის საზღვაო დრონების პროგრამა მაინც ეფექტიანია.

Related news
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი კვლავ არ ჩანს - ვარაუდობენ, რომ იგი მძიმედ არის დაშავებული პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს
სხვა ამბები