ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას, 26 წლის ქალი, რომლის სამხედრო მეტსახელია მონკა, ბრძოლის ველზე საკუთარ თავს ვერ ხედავდა. საკუთარი ქვეყნის ფიზიკურად დაცვა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა ფრონტზე ახალი შესაძლებლობები გააჩინა.
მონკა საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საყვარელ საქმეს აკეთებდა – ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი იყო, თუმა სამშობლოში გასულ წელს დაბრუნდა და შეირაღებულ ძალებს შეუერთდა. ის ახლა მოკლე რადიუსის, FPV დრონების პილოტის პოზიციას ამაგრებს. მონკა არმიაში, მესამე კორპუსის უპილოტო სისტემების ბატალიონში მსახურობს. მან ამისთვის ყველა შესაბამისი წვრთნა გაირა.

მონკა გამონაკლისი სულაც არ არის – უკრაინის სამხედრო ძალებს ქალები აქტიურად უერთდებიან. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს არმიაში 70 ათასზე მეტი ქალი მსახურობს, რაც 2022 წელთან შედარებით, 20%-იანი ზრდაა. მათგან 5 500-ზე მეტი პირდაპირ ფრონტის ხაზზე იბრძვის.
მონკა – 26 წლის, მესამე მოიერიშე ბრიგადის FPV დრონის ოპერატორი:
„ვმუშაობდი უცხოეთში. არმიაში სულ მინდოდა. საბოლოო გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მივიღე. სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა კურსსა და წვრთნაში ჩავერთე, ბევრი რამ ვცადე, მათ შორის პილოტობაც და მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის საინტერესო იყო“.
სამხედროების თქმით, დრონების მართვა ის საბრძოლო პროფესიაა, რომელსაც ბევრი ქალი ირჩევს. ახალმა ტექნოლოგიებმა ქალებს ისეთი ფუნქციები მოუძებნა, რომლებსაცდ რომლებიც წარსულში ტრადიციულად მამაკაცებს უფრო მიაკუთვნებდნენ. თანამებრძოლები ამბობენ, რომ მონკა საქმის დროს ტოლს არავის უდებს. საქმის დროს, რომელიც სქესს ნამდვილად არ ცნობს.

მონკა – 26 წლის, მესამე მოიერიშე ბრიგადის FPV დრონის ოპერატორი:
„60 კილოგრამის ტარებას ვერ შევძლებ. ჯავშანჟილეტი, აღჭურვილობა და ეს ყველაფერი მოიერიშე ჯარისკაცს სჭირდება. ვიცი გოგონები, რომლებიც ადრეც მოიერიშეები იყვნენ და ახლაც. მაგრამ მე ფიზიკურად ამას ვერ გავუძლებდი. ჩემთვის მაქსიმუმი 20 კილოგრამია და იმასაც დიდ მანძილზე ვერ ვატარებ. ამიტომ ის, რომ ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას, ტყვია-წამალი ფრონტის ხაზამდე სირბილის გარეშე მივაწოდოთ, საოცარია“.
27 წლის იმლა პროფესიონალი ჰოკეისტი იყო, თუმცა მან საკუთარი მიწის დასაცავად, ყველაფერი მიატოვა და სამხედრო სამსახური დაიწყო. თავდაპირველად ბრძოლაში მედიკოსობა სურდა, თუმცა სამსახურმა დრონების მართვის სწავლა მოითხოვა. მან ეტაპობრივად აითვისა ტექნიკა და დღეს უკვე დრონების ოპერატორად მუშაობს. განსაკუთრებული ემოციებით იხსენებს თავის პირველ სადაზრვერვო ფრენას.
უკრაინული სამხედრო ნაწილები სპეციალურად აფართოებენ ქალებზე ორიენტირებულ კამპანიებს. „ხარტიას“ კორპუსში ქალების რაოდენობა 2024 წლიდან 20%-ით გაიზარდა. ბრიგადამ, საქველმოქმედო ორგანიზაცია Dignitas Foundation-თან თანამშრომლობით, დაიწყო კამპანია, რომელიც ქალებს საბრძოლო და ტექნოლოგიურ საქმეში ჩართვისკენ მოუწოდებს.
იმლა – დრონის პილოტი:
„ექიმობა მინდოდა, ბევრი სამედიცინო კურსი გავიარე და როცა მესამე მოიერიშე ბრიგადას შევუერთდი, მედიკოსად ვმსახურობდი. ნახევარი წლის განმავლობაში სხვადასხვა სამედიცინო პოზიციაზე ვიყავი, თუმცა სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, დრონის მართვაც მიწევდა. პარალელურად „მავიკით“ ფრენას ვსწავლობდი ამ სამედიცინო გასვლების დროს და საბოლოოდ ამ ყველაფერმა იქამდე მომიყვანა, სადაც დღეს ვარ“.
ტექნოლოგიური განვითარება ქალქებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს ფრონტის ხაზზე. თუმცა ერთიც არის – აქ შეცდომის დაშვება ძალიან ძვირად ფასობს.

იმლა – დრონის პილოტი:
„არსებობს სტერეოტიპები. ხშირად ამბობენ, თითქოს ქალებს არმიაში არ იღებენ. როცა მესამე მოიერიშე ბრიგადას შევუერთდი, ერთი რამ ნათლად დავინახე: ყველას ერთი მიზანი აქვს და ყველა ერთმანეთს უჭერს მხარს. სწავლებებისა და წვრთნების დროს ვგრძნობდი ამ მხარდაჭერას. ვიცოდი, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც გვერდით დამიდგებოდნენ. აქ ყველაფერი ბუნებრივად და მარტივად წარიმართა“.
მოიერიშეთა და მეთაურების შეფასებით, უკრაინის არმია დღეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტად რჩება. სწორედ ამიტომ, სამხედრო სტრუქტურები ძალების გაძლიერებას ცდილობენ მაშინაც კი, როდესაც მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არმიის რაოდენობის შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავენ. არმიის გაძლიერებასა და სამშობლოს დაცვაში კი ქალების როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება – ერთი მიზნისთვის – დაიცვან სამშობლო ოკუპანტისგან.
