დაუნინგ-სტრიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის გამოჩენას დილიდან ელოდნენ. ის დიდი ბრიტანეთის პრემიერისთვის მთავარი სტუმარია, თუმცა არა ერთადერთი. კირ სტარმერმა ოფისში საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებიც მიიღო, რათა აშშ-ის მიერ ნაკარნახევ სამშვიდობო გეგმაში ევროპული პოზიციები გაამყარონ. ლონდონი, პარიზი და ბერლინი კიევისთვის წონიანი პარტნიორობაა, რომლის იმედიც აქვს და არწმუნებენ, რომ უნდა ჰქონდეს კიდეც. ამერიკის ზეწოლაზე, რუსეთის ულტიმატუმებსა და ევროპის კოორდინირებულ პასუხზე კონტინენტის ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალები ერთად მუშაობენ, მათ შორის დისტანციური ზარით ევროპის სხვა დედაქალაქებთან.
„ამ კონფლიქტის მეოთხე წელი სრულდება და ის კრიტიკულ ეტაპზეა. მხარს ვუჭერთ მშვიდობას, ვსაუბრობთ სამშვიდობო გეგმის ირგვლივ, ამავდროულად არსებობს პრინციპები. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მშვიდობა უნდა იყოს მყარი და ხანგრძლივი. მნიშვნელოვანია, ამას ხაზი განმეორებითაც გავუსვათ. ჩვენ აქ ვართ თქვენს მხარდასაჭერად კონფლიქტში და მოლაპარაკებებში, მოხარული ვარ თქვენი აქ ხილვით”, – განაცხადა კირ სტარმერმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
„მნიშვნელოვანია მგრძნობიარე თემებზე ორგანიზებული მუშაობა სამშვიდობო მოლაპარაკებების ირგვლივ. ჩვენი გუნდი დაბრუნდა აშშ-დან და საქმის კურსში ჩაგვაყენებენ ამერიკისა და რუსეთის მოლაპარაკებების თაობაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს, ესაა ერთობა ევროპასა და უკრაინას შორის, ასევე ჩვენი ერთობა აშშ-სთან. არსებობს საკითხები, რომლებსაც ამერიკელების გარეშე ან ევროპის გარეშე ვერ განვახორციელებთ. ასე რომ, სასაუბრო ბევრია, მისაღებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ყველა მხარს ვუჭერთ უკრაინასა და მშვიდობას, სამშვიდობო მოლაპარაკებებს მტკიცე და მდგრადი მშვიდობისთვის. ხელთ ბევრი ბერკეტი გვაქვს, იქნება ეს ფინანსები, თუ შეიარაღება და აღჭურვა, რათა უკრაინამ გააგრძელოს თავდაცვა. ფაქტია, რომ რუსული ეკონომიკა ჩვენი თუ აშშ-ის ბოლო სანქციებით პრობლემებს განიცდის. საკვანძო საკითხი არის ჩვენი ერთობლივი პოზიცია, რათა მოხდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანა, რათა შეიქმნას საუკეთესო პოზიცია უკრაინისა და ევროპისთვის – კოლექტიური უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ფრიდრიხ მერცის თქმით, „ვისაუბრებთ უახლოეს დღეებზე, რადგან ეს შესაძლოა იყოს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან გადამწყვეტი მომენტი – ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ამავდროულად ვხედავთ მოლაპარაკებებს მოსკოვსა თუ აშშ-ში. მოვისმენთ თქვენგან მეტ ინფორმაციას. ვდგებით კვლავ უკრაინის გვერდით, ვიცით, რომ უკრაინის ბედისწერა ევროპის ბედისწერაა. ამიტომაც ვართ აქ, რომ მოვიფიქროთ რისი გაკეთება შეგვიძლია. არავის უნდა შეეპაროს ეჭვი ჩვენს მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ, ამ ნაწილში მყარად ვდგავართ. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტის მიმართ, რომელიც აშშ-დან მოდის, აქ ამიტომაც ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ“.
უკრაინის პრეზიდენტი ყველა იმ დოკუმენტითა და ინფორმაციით შეიარაღდება, რომელსაც მას შტატებში უქმეებზე მყოფი უკრაინული დელეგაცია მიაწოდებს. 4-6 დეკემბერს მაიამიში უკრაინის წარმომადგენლები ისევ ჩაფრინდნენ და ამ შემთხვევაში მოსკოვის მიერ ნაპასუხევი გეგმა ამერიკელებთან განიხილეს – თავისი „ნიუანსებითა და აქტუალური წინადადებებით“. როგორც ჩანს, უკრაინა ელის, რომ გარკვეულ საკითხებზე აშშ სამშვიდობო გეგმაში ცვლილებებს განიხილავს, ეს მაშინ, როდესაც რუსეთიც იმის მოლოდინშია, რომ ვაშინგტონის მხრიდან მათთვის დანაპირები ურყევი და გარდაუვალია. გამოცემა „ბლუმბერგთან” უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ დონბასის საკითხზე შეთანხმება ჯერ არ არსებობს და არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ რას გააკეთებენ პარტნიორები, მორიგი რუსული აგრესიის შემთხვევაში.
სამშვიდობო პროცესის პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ იმედგაცრუებებზე საუბრობს, თუმცა ამჯერად უკრაინის მხრიდან. რუსეთის პასუხებით დონალდ ტრამპი სავსებით კმაყოფილი ჩანს. აშშ-ის პრეზიდენტს ჰგონია, რომ მის უკრაინელ კოლეგას სამშვიდობო გეგმა, უკვე მოსკოვური აქცენტებით არ წაუკითხავს.
მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესზე თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩენილ საკითხებზე საუბრობს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი. მისი თქმით, შეთანხმება ძალიან ახლოსაა, თუ არ ჩავთვლით დონბასის რეგიონისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალს.
„ვფიქრობ, ამ კონფლიქტის დასრულების მხრივ ბოლო 10 მეტრის გავლაღა დაგვრჩა. დარჩენილია რამდენიმე საკითხი, პირველ რიგში ლუჰანსკი, დონეცკი, ხერსონი და ზაპოროჟიეს ატომური სადგური. ვფიქრობ, თუ ამ ორ საკითხს მოვაგვარებთ, დანარჩენი საკითხებიც მოგვარდება და ყველაფერი კარგად წარიმართება. მსურს, ყველას შევახსენო, თუ რამდენად მასშტაბურია ეს ომი, როდესაც რეგიონულ კონფლიქტზე ვსაუბრობთ – საბჭოთა კავშირმა ავღანეთი დატოვა 18 000 ჯარისკაცის დაკარგვის შემდეგ, ჩვენ ვიეტნამი დავტოვეთ 58 000-იანი დანაკარგის შემდეგ, რუსეთმა და უკრაინამ ერთად ამ ომში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა. ეს კონფლიქტი მალე უნდა დავასრულოთ და ვფიქრობ , რომ ამ მხრივ მიზანს ვუახლოვდებით“, – განაცხადა კიტ კელოგმა, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში.
ლონდონის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ბრიუსელში ელოდებიან, სადაც ნატოს გენერალურ მდივანსა და ევროპული საბჭოსა თუ ევროკომისიის პრეზიდენტებს შეხვდება. რა ითქმება ამის შემდეგ, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ამას დიდი ყურადღებით ელოდებიან კრემლში.
„თქვენ იცით, რომ მოსკოვში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა პუტინის, უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრაზე. შემდეგ უიტკოფმა და კუშნერმა იმუშავეს მოსკოვში მიღწეულ შედეგებზე, იმუშავეს უკრაინის დელეგაციასთან ერთად, რომელსაც უმეროვი ხელმძღვანელობდა. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ ამ სამუშაოს შედეგები“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
დიპლომატიური განცხადებების ფონზე რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას განაგრძობს. ბოლო სამიზნე იყო სუმის ოლქი, სადაც მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა, დაშავდნენ ადამიანები. რუსეთი ამტკიცებს, რომ ფრონტის ხაზზე ხელშესახები მიღწევა აქვს და მისი შეიარაღებული ძალები ხერსონსა და დონეცკში წინ მიიწევენ. თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს უკრაინული მხარე, კიევის ცნობით, ქვეყანა თავდაცვის ხაზს ინარჩუნებს.
„ჩვენ სამხედრო პირები ვართ, ჩვენი მთავარი ამოცანა ისაა, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი ქვეყანა და ხალხი. ბუნებრივია, რომ ჩვენთვის მიუღებელია ტერიტორიების დათმობა და მე ამ სცენარზე ფიქრის უფლებასაც კი არ ვაძლევ საკუთარ თავს. ჩვენ გვსურს მშვიდობა, მტერი კი აგრძელებს მის თავდასხმას. სამშვიდობო მოლაპარაკებები კი მხოლოდ ნიღაბია. არ არსებობს არანაირი პაუზა, ან ოპერაციების გადავადება. ისინი აგრძელებენ მცდელობას, მოიხვეჭონ სულ უფრო მეტი ტერიტორია, მოლაპარაკებების საფარქვეშ. მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების, იმედი გვაქვს, ისინი მზად იქნებიან, მოგვაწოდონ ყველაფერი, რაც გვესაჭიროება ამ აგრესიულ ომში. ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ევროპასაც. ჩვენ რომ არა, ევროპა იძულებული იქნებოდა ებრძოლა“, – განაცხადა ოლექსანდრ სირსკიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო ინიციატივა გამოთქვა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დიპლომატიური მოლაპარაკებები ხელშესახებ ნიშნულამდე მივიდა. მართალია, აშშ-ის სხვა ვადები და გეგმები ჰქონდა, თუმცა სამშვიდობო პროცესში გარკვეულ პროგრესს არცერთი აქტორი არ უარყოფს. არსებობს მოლოდინი, რომ 4-წლიანი ომის დასრულების თვალსაზრისით ხელშესახები კონტურები უკვე უახლოეს დღეებში გამოიკვეთება.
