რუსეთში პოპულარული ონლაინთამაში Roblox შეიზღუდა. სახელმწიფო მედია რეგულატორმა „როსკომნადზორმა“ ეს ნაბიჯი თითქოს ბავშვთა დაცვის მოტივით ახსნა. ორგანიზაციაში განმარტეს, რომ „ბავშვებს, თამაშის ჩატებში პედოფილები ხვდებიან და ზოგიერთ შემთხვევაში ეს რეალურ ცხოვრებაშიც გადადის“.
„როსკომნადზორი“ ასევე ამტკიცებს, რომ Roblox-ში ხდება ლგბტ პროპაგანდა და იქ არასრულწლოვნებს ძალადობრივი დანაშაულის, ექსტრემიზმისა და ტერორიზმისკენ მოუწოდებენ.
რუსეთის კრემლის მიერ კონტროლირებულმა სახელმწიფო ტელეარხმა RU-RTR-მა ამ ვიდეოთამაშს ვრცელი გადაცემაც მიუძღვნა, სადაც მშობლები და ოფიციალური პირები განმარტავდნენ Roblox-ის მიერ ბავშვებისთვის შექმნილ საფრთხეებს.
„დღევანდელი ბავშვები საკმაოდ მარტივ ინსტრუქციებს მისდევენ: ისინი მშობლების ტელეფონებს ხსნიან, მათ საბანკო ანგარიშებზე შედიან და იქიდან თაღლითებს ფულს ურიცხავენ“, — ამბობს ეკატერინა პავლოვა, მშობელი.
Mediascope-ის მონაცემებით, ოქტომბერში Roblox რუსეთში მეორე ყველაზე პოპულარული სათამაშო პლატფორმა იყო, თითქმის 8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებლით.
„პლატფორმა უცხოურია, არ ექვემდებარება რუსეთის რეგულაციებსა და კანონებს. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პირველი საზრუნავი ჩვენი მომავალი თაობებია — ჩვენი შვილები“, — ამბობს ქსენია მიშონოვა, მოსკოვის ოლქის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენი.
ეს ოფიციალურად — თუმცა არაოფიციალურად ყველაფერი უფრო ნათელია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Roblox-ის დაბლოკვის რეალური მიზეზი ისაა, რომ პლატფორმას რუსეთის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
„დიახ, ამ პლატფორმის მეშვეობით ბავშვები მართლაც ურთიერთობენ უცხო ადამიანებთან, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ნეგატიურად აისახება მათზე, თუმცა ეს თითქმის ყველა სოციალური ქსელის უარყოფითი მხარეა. ვინაიდან „როსკომნადზორს“ ამ სერვისზე დამოუკიდებელი კონტროლი არ აქვს, მას თამაშის ჩატებსა და ზარებზე წვდომა არ აქვს. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურსაც არ აქვს ამ სერვისზე კონტროლი და წვდომა. როგორც ჩანს, თამაშის დეველოპერები 100%-ით არ ასრულებენ „როსკომნადზორის“ მოთხოვნებს ინფორმაციის წაშლის ან მომხმარებელთა მონაცემების მიწოდების შესახებ, რაც, პრინციპში, მოქმედი რუსული კანონმდებლობის თანახმად, საკმარისი საფუძველია, რომ სერვისი მთლიანად დაბლოკონ“, — განაცხადა სტანისლავ სელეზნევმა, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის ხელისუფლებამ უცხოური ინტერნეტსერვისები შეზღუდა. 2022 წლიდან, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა დაბლოკა ისეთი სოციალური ქსელები, როგორებიცაა X, Facebook და Instagram, ხოლო შემდეგ წვდომა შეფერხდა YouTube-ზე, WhatsApp-ზე და Telegram-ზე. ოფიციალური არგუმენტი ყოველთვის „ბავშვების, სუვერენიტეტის, ეროვნული ღირებულებების თუ უსაფრთხოების დაცვაა“, თუმცა ექსპერტების შეფასებით, რეალური მიზანი უფრო მეტია — მოსახლეობას მაქსიმალურად შეეზღუდოს ინფორმაციის თავისუფალი წვდომა და განვითრებული სამყაროსგან განცალკევებული იყოს.

