რუსეთ-უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი უკვე მოსკოვშია. სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პირველად რუსეთში მასთან ერთად ჩაფრინდა აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარეტ კუშნერი. მის ჩართულობას მანამდე პირადად დონალდ ტრამპიც არ გამორიცხავდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა სუვერენული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დიმიტრიევი, რომელიც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დათბობის საქმეში აქტიური ფიგურაა და ვაშინგტონსაც არაერთხელ სტუმრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ამერიკულ დელეგაციას შორის შეხვედრა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
როგორც კრემლში აცხადებენ, სტივენ უიტკოფსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი დაეთმობა იმ შეთანხმებებს, რომლებიც შტატებსა და უკრაინას შორის უქმეებზე ფლორიდაში, გარკვეული წარმატებით წარიმართა. რუსეთში ჩაფრენამდე ამერიკული მხარე 2 კვირის განმავლობაში ახორციელებდა აქტიურ მოლაპარაკებებს კიევთან აშშ-ის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის დასამუშავებლად. ახლა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის დამუშავებული ვერსია უკვე მოსკოვს უნდა წარედგინოს. წელს ეს სტივენ უიტკოფის უკვე მეექვსე ვიზიტია კრემლში.
„პრეზიდენტი პუტინი კრემლში მიიღებს ბატონ ვიტკოფს, უკრაინის საკითხებში მთავარ მომლაპარაკებელს ამერიკიდან, მასთან ერთად იქნება ჯარეტ კუშნერიც. მათ ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ კიევსა და ვაშინგტონს შორის ბოლო დღეებში მიღწეული ურთიერთგაგება, რომელიც საკითხის დარეგულირების გზების პოვნას შეეხება”, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.


