პირველ დეკემბერს კრემლმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ აწვდიან საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას სპეციალურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პუტინს, მაღალი რანგის სამხედრო პირები.
შეხვედრაზე, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართა, გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს დონეცკის რეგიონში არსებულ ქალაქ პოკროვსკზე და ხარკივის რეგიონის ქალაქ ვოვჩანსკზე.
რუსული მხარე არ ღალატობს ჩვევას და ქალაქ პოკროვსკს მისი ძველი საბჭოთა სახელით, კრასნოარმეისკით მოიხსენიებს. გენერალური შტაბის უფროსი, გერასიმოვი ქალაქ მირნოგრადსაც საბჭოთა სახელს, დიმიტროვს უწოდებს.
„კონსტანტინოვკას სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცა. ეს ქალაქში არსებული შენობების საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტს შეადგენს. „ცენტრის“ დაჯგუფების ძალებმა გაათავისუფლეს ქალაქი კრასნოარმეისკი (პოკროვსკი) და განაგრძობენ დიმიტროვში (მირნოგრადი) მტრის დანაყოფების განადგურებას“. – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფრომსა ვალერი გერასიმოვმა.
ერთ-ერთმა სამხედრო მეთაურმა, პუტინს ისიც მოახსენა, რომ მათი დანაყოფები კვლავ ებრძვიან პოკროვსკში მცირე ჯუგფებს. უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსები, უკრაინელ სამხედროებს მტერს უწოდებენ, მათ განადგურებით ემუქრებიან და არ იშურებენ ძალისხმევას პუტინის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. შექება და მადლობაც არ აყოვნებს…
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ კრასნოარმეისკში (პოკროვსკი) ჩვენი მუშაობის შედეგებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ჯგუფის მთელ სარდლობასა და პერსონალს. და, რა თქმა უნდა, ჩვენს ჯარისკაცებს, ბიჭებს, რომლებიც ასრულებენ ამ საბრძოლო დავალებებს. ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. და ეს უზრუნველყოფს, რომ ჩვენ თანდათანობით მივაღწიოთ ყველა იმ ძირითად ამოცანას, რომლის წინაშეც ვდგავართ, და რომლებიც რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისშივე იყო დასახული“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინი კვლავ კრძალავს 3-წლიანი სამხედრო აგრესიის სიტყვა ომით მოხსენიებას და უკრაინის ოკუპაციას კვლავ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. ასე იქცევიან რუსი სამხედრო მაღალჩინოსნებიც. როგორც პუტინი იტყვის – ისინი არა ომში, არამედ ოპერაციაში მიდიან და არა ომში, არამედ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში იღუპებიან.
რაც შეეხება პორკოვსკზე მათი კონსტროლის სრულად დამყარებას – უკრაინული მხარე ამასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს.
პირველ დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პოკროვსკსა და სხვა მიმართულებებზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
პოკროვსკი აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე მდებარეობს და შედის იმ გამაგრებული ქალაქების ხაზში, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის ამ რეგიონის თავდაცვისთვის.


