ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის მიერ დამუშავებული სამშვიდობო გეგმა მოსკოვშია. ის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა აშშ-ის პრეზიდენტის სიძესთან, ჯარეტ კუშნერთან, ერთად პირადად ვლადიმერ პუტინს ჩაუტანა, რათა კრემლის პოზიცია მოისმინოს.
დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრის დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა მოსკოვმა მიანიშნა, რომ გეგმის განხილვას იმდენ დროს დაუთმობდნენ, რამდენიც საჭიროა და ეს სავარაუდოდ ერთ ან ორ საათს არ უნდა ნიშნავდეს. მედია წერს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე სტუმრებს გიდობას მოსკოვში კირილ დიმიტრიევი უწევს, სუვერენული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი, ვინც ამერიკულ დელეგაციას ვნუკოვოს აეროპორტშიც დახვდა.
მოსკოვი ჯერ დუმს, თუმცა ცნობილია ზოგადი პოზიცია – ის მაქსიმალისტური მოთხოვნების ერთგული რჩება და დათმობებს არ განიხილავს. მითუმეტეს ახლა, როდესაც კრემლის მტკიცებით ფრონტის ხაზზე ხელშესახები წინსვლა აქვთ, მათ შორის პოკროვსკის, ვოლჩანსკისა და მირნოგრადის მიდამოებში.
კიევს ამ მიწებთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია აქვს, მათი თქმით, პოკროვსკში რუსი მხოლოდ სამხრეთ ნაწილს აკონტროლებს – შესაბამისად, მოსკოვის ამბიციურ წინსვლას უარყოფს და ბრძოლას აგრძელებს, ფრონტის ხაზთან ერთად დიპლომატიაშიც. მას შემდეგ, რაც პარიზში გამართული შეხვედრისას საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ბოლო ფორმულირებები განიხილეს და რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებულ წინააღმდეგობაზე შეთანხმდნენ, ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში გაემგზავრა. დუბლინში, რომელიც ნეიტრალური ქვეყნის დედაქალაქია, მას პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე ირლანდიის მხარდაჭერა აღუთქვეს.

„ომის დასრულების ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი ინტენსიურ დარტყმას აგრძელებს უკრაინულ ქალაქებზე, ცინიკურად უტევს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. როგორც პატარა ქვეყანა ვიზიარებთ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომლებიც გაეროს ქარტიაშია გაწერილი და გულისხმობს, რომ ტერიტორიული მთლიანობისა ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაცვლელად ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია. უკრაინელი ხალხი იცავს საკუთარ თავს და ირლანდია მის გვერდითაა. უკრაინას აქვს მშვიდობისა და თავისუფლების უფლება. თქვენი ტანჯვა, ჩვენი ტანჯვაა, თქვენი წარმატება კი ჩვენი წარმატება. ჩვენ გვერდში გიდგავართ, რა დროცაა ამისათვის საჭირო და გვერდით ვიქნებით, როდესაც ომი დასრულდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მტკიცე და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში და პრინციპს არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე”, – აღნიშნა ირლანდიის მთავრობის მეთაურმა მაიკლ მარტინმა უკრაინის პრეზიდენტის მასპინძლობისას.
„ჩემი პირველი ვიზიტი ირლანდიაში გამოწვევებით სავსე პერიოდში ხდება, მაგრამ ამავდროულად მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შანსები გაჩნდა. ირლანდია შესაძლოა ნეიტრალური ქვეყანაა, თუმცა არა გულგრილი და მადლობას ვუხდით მას მხარდაჭერისთვის. მოგეხსენებათ ჟენევაში 20 პუნქტზე შევთანხმდით, რომლის უკვე ფინალიზებაც ფლორიდაში მოვახდინეთ, რაც ვნახე, იქიდან ვასკვნი, რომ ჯერ ისევ არის სამუშაო. ამ მხრივ აშშ სერიოზულ ნაბიჯებს დგამს და მჯერა ყველას, მათ შორის ევროპაში, საერთო მიზანია ომის საბოლოო დასრულება და არა უბრალო პაუზა ბრძოლისას. ჩვენ გვჭირდება ღირსეული მშვიდობა, და ეს ყველასათვის ცნობილია. საქმე გადაწყვეტილების მიღების სირთულეში არ არის. ვისაც აქვს უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ მიიღებს კიდეც, მე ეს შემიძლია. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი იყოს სამართლიანი და ღია, რომ არ იყოს არანაირი თამაში უკრაინის ზურგს უკან, რომ არაფერი იყოს გადაწყვეტილი უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ, ჩვენი მომავლის შესახებ”, – აღნიშნა დუბლინში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
I addressed the Irish Oireachtas. It is a great honor for me to stand here today – in a country that understands the price of freedom better than many in Europe, better than many in the world, and that shares our belief that every voice counts, every nation matters. Please… pic.twitter.com/ubaHXBY4Ob
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 2, 2025
ვოლოდიმირ ზელენსკის დელეგაცია, რომელმაც ფლორიდაში უქმეებზე ამერიკელებთან გამართა მოლაპარაკებები, პროგრესით კმაყოფილი ჩანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინისთვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის თვალსაზრისით გეგმაში გაწერილ პუნქტებში კიევისთვის სასარგებლო ფორმულირებები ჩაიწერა. ამის შესახებ დელეგაციამ ინფორმაცია პრეზიდენტს პირადად მიაწოდა, როდესაც ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფლორიდის მოლაპარაკებების შეფასებისას ოპტიმიზმი არ დაუმალავს არც შტატებს.
„ჩვენი ადმინისტრაცია ოპტიმისტურადაა განწყობილი. თქვენ ნახეთ, რომ სტივენ უიტკოფი და მთელი გუნდი, მარკო რუბიოსთან, ვიცე-პრეზიდენტთან, თავად პრეზიდენტთან თუ ომის მინისტრთან ერთად აქტიურად მუშაობენ – ყველას სურს, ეს ომი დასრულდეს. ფლორიდაში საუბრები კარგად წარიმართა, ახლა კი დისკუსიები მიდის რუსეთში. ეს ჩრდილოვანი დიპლომატიაა, სადაც ორივე მხარეს თანაბრად ვესაუბრებით, დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს სამუშაო საბოლოოდ დასრულდება”, – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლევიტმა.
უცნობია, ეხებოდა თუ არა კიევისთვის სასურველი ფორმულირებები ნატოს. თავდაპირველ გეგმაში გაწერილი იყო, რომ ნატოს გაფართოებაზე უარი უნდა ეთქვა, კიევს კი მის წევრობაზე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დღეს, 2 დეკემბერს, კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთს ამ საკითხში ვეტოს უფლება ვერ ექნება.
„ყველა ვიაზრებთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება უკრაინასთან ძლიერადაა გადაჯაჭვული და ყველანი ვმუშაობთ იმაზე, რომ უკრაინაში ომი დასასრულამდე მივიყვანოთ – ხანგრძლივი და მყარი მშვიდობით. მივესალმებით აშშ-ის ლიდერობით წარმართულ ძალისხმევას, რომ ეს რეალობად იქცეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკრაინაში მშვიდობას აღადგენს. როდესაც ვსაუბრობთ ნატოს ელემენტზე, რომელიც ამ გეგმაშია წარმოდგენილი, გეტყვით, რომ ეს იქნება დამოუკიდებლად განხილული საკითხი, და ბუნებრივია, მასში ჩართული იქნება ნატოც. ნატოს წევრობაზე უკრაინის სურვილი ცნობილია, თუმცა ისიც ვიცით, რომ არ არსებობს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ერთიანი პოზიცია თავად ალიანსში, სწორედ ამიტომ სამშვიდობო გეგმაში ჩვენ განვიხილავთ იმას, რომ თუ არა ნატოს წევრობა, მაშინ როგორ უნდა იყოს უკრაინა დაცული სხვების დახმარებით. იმედია, მივალთ იმ წერილამდე, როდესაც საბოლოოდ გვექნება სამშვიდობო შეთანხმება, ამ მხრივ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს ამერიკელებთან, რომლებიც რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ მარკო რუბიოს გარეშე შეიკრიბებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში ჩასვლას ვერ ახერხებს, თუმცა ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკული მხარე შეხვედრაზე იქნება და უკრაინის საკითხსაც ინტენსიურად განიხილავს. შესაძლოა ამ შეხვედრაზე დიპლომატებს მეტი სასაუბრო ჰქონდეთ, რადგან ვლადიმერ პუტინსა და სტივენ უიტკოფს შორის შეხვედრის დეტალები ჯერ ისევ გამოსავლენია.

