ჰონგ-კონგის საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 146-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა იდენტიფიცირების განყოფილების თანამშრომლებმა შაბათ-კვირას, 29-30 ნოემბერს, ოთხი შენობა დაათვალიერეს და კიდევ 30 ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ჰონგ-კონგის პოლიციის დაშავებულთა განყოფილების ხელმძღვანელი შუკ-ინ ცანგი ავრცელებს. კიდევ ასი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ყველა მათგანი დაღუპულია. დაშავებულია ასევე 79 ადამიანი.
„დღევანდელი დღის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 146-მდე გაიზარდა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს. დღეს კატასტროფების მსხვერპლთა იდენტიფიკაციის განყოფილების კოლეგებმა კიდევ ოცდაათი ცხედარი იპოვეს“, – ამბობს შუკ-ინ ცანგი, ჰონგ-კონგის პოლიციის დაშავებულთა განყოფილების ხელმძღვანელი.
საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის სრულად ჩაქრობა 28 ნოემბერს შეძლეს. თუმცა მაშველები დაშავებულებსა და დაკარგულებს კვლავ ეძებენ.
ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილთა ოჯახებისა და ასევე დაზარალებულთათვის შემოწირული თანხების რაოდენობამ 115 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
დამწვარი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ჰონგ-კონგელი მივიდა, რათა პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას. მათ ადგილზე ყვავილები, სათამაშოები და ღია ბარათები მიიტანეს.
„ყველა შოკირებული ვართ. როგორც ჰონგ-კონგელისთვის, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ კარგავენ ჩემი თანამოქალაქეები ოჯახის წევრებს და საკუთარ სახლებს ერთ ღამეში. მათ ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა ნამდვილად საშინელებაა. დაზარალებულებს ჰონგ-კონგელი ხალხისგან მხარდაჭერა და მატერიალური დახმარება აუცილებლად სჭირდებათ. მე უბრალოდ დავწერე „მალე გამოჯანმრთელდით და გაუძელით“, რადგან მინდა, იცოდნენ, რომ ჩვენ არ დავნებებულვართ და ბოლომდე მათ გვერდით ვართ“, – ამბობს ჯეფრი ჩანი, საჯარო მოხელე.
„ეს ფაქტი ნამდვილად გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს ყველასთვის. ჩვენ დიდად ვერაფერს ვიზამთ, უბრალოდ მინდა მწუხარება გამოვხატო. იმედი მაქვს, რომ ამიერიდან უსაფრთხოების ნორმები ბევრად უფრო გამკაცრდება“, – ამბობს ლიან შუჟენგი, ჰონგ-კონგის მცხოვრები.
„გული ძალიან მტკივა. როცა რამე ხდება, ერთმანეთის დასახმარებლად გამოვდივართ. ამ კატასტროფის შემდგომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ და უსაფრთხოების საკითხებს თავი არ უნდა ავარიდოთ“, – ამბობს ლორეტა ლო, ტაი პოს მცხოვრები.
დაშავებულები ამჟამად თავშესაფრებსა და ქალაქის სასტუმროებში არიან განთავსებული.
ხანძარი, 26 ნოემბერს, ჰონგ-კონგის გარეუბან ტაი პოში, ვანგ ფუკ კორტის კომპლექსში გაჩნდა. სტიქიამ რვა საცხოვრებელი კორპუსიდან შვიდი გაანადგურა, სადაც დაახლოებით 4600 ადამიანი ცხოვრობდა.
მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი კორუფციის და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გამოძიებას შესაძლოა 3-4 კვირა დასჭირდეს.

