მთავარიევროპარუსეთირუსეთში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს „ყირიმის ხიდის“ აფეთქების საქმეზე ბრალდებულებს

რუსეთში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს „ყირიმის ხიდის“ აფეთქების საქმეზე ბრალდებულებს

რუსეთის სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ „ყირიმის ხიდის“ აფეთქების საქმეზე ბრალდებულ რვავე პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

დამატებით, მსჯავრდებულებს დაეკისრათ 7 მილიარდი რუბლის გადახდა აფეთქებით დაზარალებული კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის, რაც დაახლოებით 898 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ბრალდებულებს, რომელთა შორისაც არიან რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები, გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენას და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ედავებოდა.

საქმე შეეხება 2022 წლის 8 ოქტომბერს, კრემლის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარ ძლიერ აფეთქებას, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და ხიდის კონსტრუქცია მნიშვნელოვნად დაზიანდა.

რუსეთის სამხედრო სასამართლოს სამხრეთის ოლქის პრესმდივნის, ვიქტორია მიშჩენკოს განცხადებით:

„სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის 3 მარტიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ბრალდებულები შეუერთდნენ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის მიზანი იყო ყირიმის ხიდზე ტერორისტული აქტის მოწყობა. თითოეული მათგანი ასრულებდა წინასწარ განსაზღვრულ როლს და მონაწილეობდა გეგმის განხორციელებაში. ორგანიზებული ჯგუფის შეთანხმებული მოქმედებების შედეგად, 2022 წლის 8 ოქტომბერს, ხიდის განსაზღვრულ მონაკვეთში აფეთქდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის შედეგადაც ხუთი პირი დაიღუპა და რუსეთის ფედერაციას, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ.“

რუსული მხარის მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინის ტერიტორიაზე დამზადდა და ხიდამდე სატვირთო ავტომობილით მიიტანეს.

მოსკოვმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და პასუხისმგებლად უკრაინის სპეცსამსახურები დაასახელა, რაც კიევმა 2023 წლის ივლისში დაადასტურა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend