მთავარიევროპაუკრაინამსურველთა კოალიციამ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმასთან დაკავშირებით იმსჯელა

მსურველთა კოალიციამ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმასთან დაკავშირებით იმსჯელა

უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმასთან დაკავშირებით 25 ნოემბერს მსურველთა კოალიციის ვიდეოშეხვედრა გაიმართა, რომელსაც 35 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მხარეებმა ის სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს. ამ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად და მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.

„აუცილებელია, რომ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს უკრაინაც უნდა მონაწილეობდეს. ეს იყო ჩვენი პოზიცია ჟენევაშიც და ყოველთვის. როცა ევროპის უსაფრთხოებას ეხება საქმე, იქ ევროპა უნდა მონაწილეობდეს. იგივე ეხება კანადას, იაპონიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ყველა სხვა ქვეყანას. სწორედ ესაა სამართლიანი – და ის რეალურად მუშაობს. როდესაც რამე წყდება ქვეყნის ან მისი ხალხის ზურგს უკან, ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ ის არ იმუშავებს. უკრაინას აქვს ჩარჩო, რომელიც შემუშავებულია ჩვენი გუნდის მიერ ჟენევაში. ეს ჩარჩო წინ გვიდევს.  ჩვენ მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ  – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, პრეზიდენტ ტრამპის პირადი ჩართულობით და ევროპასთან, ლიდერებსა და ყველა პარტნიორთან ერთად, რომლებსაც აქვთ ძალა და შესაძლებლობა, დაგვეხმარონ. მე მზად ვარ, შევხვდე პრეზიდენტ ტრამპს.  ჯერ კიდევ გვაქვს განსახილველი საკითხები. მიმაჩნია, რომ ევროპელი ლიდერების ჩართულობა შედეგს მოიტანს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსურველთა კოალიციის ლიდერებმა დადებითად შეაფასეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობა ომის დასრულებასთან დაკავშირებით. თუმცა კიდევ ერთხელ და მტკიცედ გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.

„გასული დღეების განმავლობაში უკრაინაზე ბევრს მსჯელობდნენ. ნებისმიერი სანდო და მდგრადი სამშვიდობო გეგმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა აჩერებდეს მკვლელობას და ამთავრებდეს ომს ისე, რომ მომავალი კონფლიქტიც თავიდან იყოს აცილებული. ჩვენ შევთანხმდით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და უკრაინის სუვერენიტეტისთვის აუცილებელ ძირითად ელემენტებზე. მინდა სამი მათგანი გამოვყო. პირველი – საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით. მეორე – არ შეიძლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არსებობდეს შეზღუდვები, ეს ქვეყანას მომავალი თავდასხმის მიმართ დაუცველს გახდის, რაც ასევე საფრთხეს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. მესამე – სრულად უნდა აისახოს ევროკავშირის დამოკიდებულება უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველსაყოფად. უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისუფლება და სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ბედი. მათ აირჩიეს ევროპული მომავალი. ეს იწყება ქვეყნის რეკონსტრუქციით, მისი ინტეგრაციით ჩვენს ერთიან ბაზარსა და თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში, რასაც საბოლოოდ მოჰყვება მათი ჩვენს კავშირში გაწევრება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსურველთა კოალიცია, ეთანხმება გარანტიებს, რომ ევროპისა და ნატოს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ცალ-ცალკე უნდა განიხილოს ევროპელი პარტნიორებისა და ნატოს მოკავშირეების სრული ჩართულობით.

„ჩვენ ვერთიანდებით უკრაინისთვის სამართლიანი, ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მხარდასაჭერად, რაც შეინარჩუნებს მის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფს მის გრძელვადიან უსაფრთხოებას. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ მიზნისკენ დაგვაახლოებს, მისასალმებელია. ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპელები და მოკავშირეებიც იმყოფებოდნენ ჟენევაში და მათ თავიანთი აზრი  გამოთქვეს. ევროპისა და ნატოს ინტერესებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ევროპელი პარტნიორებისა და ნატოს მოკავშირეების ერთობლივი ჩართულობა და მხარდაჭერა სჭირდება. ძლიერი მშვიდობის უმთავრესი პირობა მყარი უსაფრთხოების გარანტიების არსებობაა და არა უბრალოდ გაწერილი გარანტიები. უკრაინამ მიიღო თავისი წილი დაპირებები, რომლებიც რუსეთის აგრესიამ დაარღვია. შესაბამისად, რეალური, მტკიცე გარანტიებია აუცილებელი. ეს, ჩემი აზრით, მსურველთა კოალიციის ძირითადი მისიაა“, -განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

კოალიციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობას სჭირდება უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიები და მოკავშირეებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გაზარდონ.

„ყველას გვსურს, ვიხილოთ ძირითადი პრინციპები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ბარბაროსობის სამუდამოდ დასრულებასა და სამართლიან და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს. როგორც მსურველთა კოალიციის ყველა წევრმა იცის, ეს ორივე სიტყვა, „სამართლიანი“ და „მუდმივი“, უაღრესად მნიშვნელოვანია. ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთი დაიჯერებს, რომ ჩვენ შეგვიძლია რეაგირება ნებისმიერ დარღვევაზე, ეს ხელს შეუწყობს ხანგრძლივ მშვიდობას. და კიდევ ერთხელ, შესანიშნავია, რომ აშშ-მ გასულ დღეებში ამ დოკუმენტის შემუშავებისას მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია,“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.

ვიდეოშეხვედრაზე კოალიციის ლიდერებმა ასევე განმარტეს, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავად ევროკავშირი უნდა იყოს ჩართული.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend