რუსეთის ტაქტიკა უცვლელია, გარდა სამხედრო სამიზნეებისა, რუსეთის არმია მიზანმიმართულად ესხმის თავს უკრაინის ენერგოობიექტებს. განსაკუთრებით ინტენსიური და მასშტაბური კი თავდასხმები ზამთრის მოახლოებასთან ერთად ხდება.
„ვინაიდან გაზის ინფრასტრუქტურას არანაირი კავშირი არ აქვს სამხედრო საჭიროებებთან, გაზის წარმოების, შენახვის ობიექტებისა და განაწილების სისტემების განადგურებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: მანიაკალური ტერორისტული თავდასხმები, რათა უკრაინელები ამ ზამთარს გათბობის, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ“, – ამბობს სერჰიი კორეცკი, „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი
რუსეთის მასირებული თავდასხმების შედეგად უკრაინის გაზის მარაგები და ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. სტაბილური გაზმომარაგებისთვის ქვეყანა იძულებულია მარაგები იმპორტის გზით შეავსოს.
„ამ ნგრევისა და დაბომბვის გამო, ჩვენ დავკარგეთ უკრაინის გაზის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ამიტომ სტაბილური გათბობის სეზონის უზრუნველსაყოფად, იძულებულნი ვართ, დამატებითი გაზი შემოვიტანოთ. ჩვენ გამოვთვალეთ, რომ გათბობის სეზონისთვის დაახლოებითი მოთხოვნა 4.4 მილიარდი კუბური მეტრია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებთან აქტიური პრაქტიკული თანამშრომლობა დაიწყება.
ბოლო თავდასხმები გაცილებით მასშტაბური გახდა, რაკეტებისა და „შაჰიდების“ (დრონების) კომბინირებული რაოდენობა ბევრად გაიზარდა. წელს ჩვენ გვქონდა ორი მასშტაბური თავდასხმის ტალღა. ერთი მოხდა მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, როდესაც უკრაინის გაზის წარმოების 40%-ზე მეტი განადგურდა. ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ კვლავ განვიცადეთ მასიური კომბინირებული თავდასხმები, ყველაზე მასშტაბური შემოჭრის ისტორიაში. და ისევ, სამწუხაროდ, გაზის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნგრევა და დაზიანება გვაქვს“ – აცხადებს სერჰიი კორეცკი, „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი.
კომპანია „ნაფტოგაზის“ რკინის გროვებად ქცეული გაზის რეზერვუარები და გამანაწილებელი სისტემა სააგენტო ესოშიეითიდ პრესმა ცენტრალურ უკრაინაში გადაიღო. ზუსტი ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, რომ არა თავდასხმები, უკრაინა გაზზე მოთხოვნას საკუთარი წარმოებითაც დააკმაყოფილებდა.
„ძალიან მტკივნეულია ამის ყურება, რადგან ვხედავდი როგორ შენდებოდა, მიმდიანარეობდა სამშენებლო სამუშაოები, შევესწარი ამ კომპანიის ყველა მარცხსა თუ გამარჯვებას. სევდიანია ამის ყურება, მაგრამ რაც არის, ეგ არის. უნდა გავაგრძელთ მუშაობა“, – წუხს ვიქტორი, „ნაფტოგაზის“ თანამშრომელი.
უკრაინაში ენერგეტიკულმა კრიზისმა გასულ კვირას სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც მოახდინა გავლენა. ამის შესახებ Associated Press-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით განუცხადა, რადგან მას მედიასთან საუბრის უფლება არ ჰქონდა.

