მთავარიევროპაუკრაინამარკ რუტე აშშ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს წარმატებულს უწოდებს

მარკ რუტე აშშ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს წარმატებულს უწოდებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროსთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად შემუშავებულ გეგმაზე.

მარკ რუტე აცხადებს, რომ ჟენევაშ გამართულმა მოლაპარაკებებმა სამშვიდობო პროცესი მნიშვნელოვნად წაწია წინ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა დელეგაციების შეხვედრას „წარმატებული“ უწოდა.

„ცხადია, ზოგიერთი ელემენტი კარგად უნდა იქნას გააზრებული. სწორედ ეს ვნახეთ გუშინ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, რაც საფუძვლად დაედო შეერთებული შტატებისა და უკრაინის დაახლოებას, რომ პროცესმა წინ წაიწიოს. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ გუშინ უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა ძალიან წარმატებული შეხვედრა გამართეს და ეს, რა თქმა უნდა, ამ გეგმას ეფუძნებოდა. ამ გეგმის ყველა პუნქტს არ განვიხილავ, მაგრამ, როგორც საფუძველს, გუშინ მან თავისი დანიშნულება შეასრულა – ორ მხარეს შორის ნამდვილად შედგა დიალოგი“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა უკრაინა და NATO რეალურად ენდონ პუტინს – მარკ რუტე პასუხობს, რომ მან ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ პუტინის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ სამშვიდობო გეგმის რეალურად აღსრულებისას, კრემლის მიმართ ნდობა მხოლოდ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი, ამ გეგმაში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ინტერესებიც იქნება ჩადებული.

– როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია თუ არა ვენდოთ პუტინს, შეუძლია თუ არა უკრაინას, ენდოს პუტინს და შეუძლიათ თუ არა NATO-სა და NATO-ს მოკავშირეებს – ენდონ პუტინს?

– მოგეხსენებათ, მე პუტინთან ვმუშაობდი, როდესაც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ვიყავი, სანამ ის 2014 წლის მარტში ყირიმში შეიჭრებოდა. როგორც ადრე მითქვამს, მე ამ კაცის გაგების მცდელობები შევწყვიტე. მაგრამ ერთი რამ ვიცი ზოგადად რუსების და კონკრეტულად პუტინის შესახებ: როდესაც შეთანხმებას დებ, უნდა დარწმუნდე, რომ მის ინტერესებშიც არის მისი დაცვა – სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ის აღარასდროს შეეცადოს იმავეს გამეორება. და ის ამას აღარასდროს შეეცდება, როცა იცის, რომ მისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება, თუ ის ცეცხლის შეწყვეტის/სასურველია გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ კვლავ შეეცდება უკრაინაში შეჭრას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend