თეთრი სახლის პრესსპიკერი ამბობს, რომ შეერთებულ შტატები უკრაინას იარაღით უსასრულოდ ვერ მოამარაგებს. კეროლაინ ლევიტის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა დიდი ძალისხმევა და დრო დაუთმო უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას, რაც მისი თქმით, „დაფასებას იმსახურებს“.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის მთავარი პრიორიტეტი „უდანაშაულო ადამიანების სიკვდილის შეჩერება და ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაა“. კეროლაინ ლევიტი იმასაც ამბობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ომის დაფინანსება შეწყვიტა, თუმცა მისივე განმარტებით, ამერიკა კვლავ უზრუნველყოფს უკრაინას მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღითა და NATO-ს რიგი მექანიზმების გამოყენებით.
„პრეზიდენტი ტრამპი მთელი ამ ხნის განმავლობაში დიდ ზეწოლას ახდენს ორივე ლიდერზე. ჩვენ ორივე მხარესთან ვსაუბრობთ. ის უკვე 10 თვეა პირდაპირ ესაუბრება ორივე ლიდერს. აშშ უკრაინას იარაღით სამუდამოდ ვერ მოამარაგებს. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მე ვნახე უამრავი დეზინფორმაცია, ჭორი და ბრალდება ამ შენობაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ამბობენ, რომ თავად მარკო რუბიო, სტივ უიტკოფი და პრეზიდენტი ტრამპი ერთ მხარეს მეორეზე მაღლა აყენებენ. ეს სიმართლისგან შორს არის. მე ვუყურებდი, როგორ მუშაობდა პრეზიდენტი და მისი გუნდი მთელი ღამის განმავლობაში ორივე მხარესთან სატელეფონო ზარებით, რათა ეს ომი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ეს მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რაზე საუბრობენ, ან იქნებ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არ სურთ ამ ომის დასრულება. არ ვიცი. იქნებ ისინი რაიმე ფორმით სარგებელს იღებენ ამით. მაგრამ ამ შენობაში არავინ სარგებლობს ომით. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. ვფიქრობ, რომ კრიტიკოსებმა უკან უნდა დაიხიონ. შეხედეთ იმას, რაც ისრაელსა და ღაზას შორის მოხდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
კეროლაინ ლევიტმა მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
