კარიბის ზღვის სიღრმეში, სადაც 1708 წელს ესპანური გემი „სან ხოსე“ ჩაიძირა, კოლუმბიელმა მეცნიერებმა ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს. წყლის ქვეშ კვლევის დროს მათ იპოვეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთი, მათ შორის ერთი ქვემეხი, სამი მონეტა და ფაიფურის ორი ჭიქა, რომლებიც, ფაქტობრივად, არ არის დაზიანებული.
კოლუმბიის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომლებშიც ჩანს თეთრი ფაიფურის ჭიქები ლურჯი ორნამენტებით. ინსიტუტის დირექტორი ალჰენა კაისედო განმარტავს, რომ ჭიქები სხვადასხვა ფორმისაა – ერთის სწორკუთხაა, მეორეს კი მრგვალი პირი აქვს. მისი თქმით, ეს დეტალები მკვლევრებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ, რა ტვირთი იდო გემზე და რატომ აღმოჩნდა ჩინური ფაიფური კოლუმბიის სანაპიროსთან ჯერ კიდევ 1708 წელს.
არქეოლოგიური კვლევის ნებართვა კოლუმბიის ხელისუფლებამ გასულ წელს გასცა და მისი მიზანია ჩაძირვის მიზეზების დადგენა და დეტალების მეცნიერული შესწავლა.
„სან ხოსე“ ერთ-ერთ ყველაზე მდიდრული გემი იყო. ვარაუდობენ, რომ იქ 11 მილიონამდე ოქროსა და ვერცხლის მონეტა, ზურმუხტი და სხვა ძვირფასი ნივთი ინახებოდა, რომელთა ღირებულებაც შესაძლოა დღესაც მილიარდებს აღწევდეს.
თუმცა პრეზიდენტ გუსტავო პეტროს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ექსპედიციის მიზანი არა საგანძურის ამოღება, არამედ სამეცნიერო კვლევის ჩატარებაა.
