უკრაინის პრეზიდენტმა ერისადმი ემოციური მიმართვის შემდეგ, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრა, რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახმელეთო ძალების მდივან დენიელ დრისკოლსთან განიხილა უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ყოველთვის სცემდა პატივს და ახლაც პატივს სცემს აშშ-ის პრეზიდენტის მისწრაფებას, სისხლისმღვრელი ომის შესაჩერებლად.
ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ღირსეული მშვიდობის მისაღწევად“ კიევი მზად არის ოპერატიული და კონსტრუქციული მუშაობისთვის.
დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განიხილა ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელებთან – ანტონიუ კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენთან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევი ევროპელ ლიდერებთან ერთად იმუშავებს ვაშინგტონის მიერ წარმოდგენილი გეგმის შესათანხმებლად.


