კიევში დაბნეულობას და ბუნდოვანებას იწვევს სპეკულაციები, რომელიც „მშვიდობის გეგმასთან” დაკავშირებით ვრცელდება.
უკრაინის მოქალაქეებს არ სჯერათ, რომ რუსეთი შეასრულებს რაიმე სახის პირობას. ყოველივე ამას კი თან ერთვის მზარდი ზეწოლა, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობაზე, ქვეყანაში მასშტაბური კორუფციული სკანდალის გამო.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მთავრობის გარშემო ატეხილი მასშტაბური კორუფციული სკანდალის, ასევე შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ შემუშავებული „სამშვიდობო გეგმის“ გამოცხადების გამო,ზეწოლას განიცდის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია 28-პუნქტიანი გეგმის შესახებ, რომ ის შესაძლოა, ითვალისწინებდეს უკრაინის მიერ რუსეთისთვის ტერიტორიების გადაცემასა და გარკვეული სახის შეიარაღებაზე უარის თქმას, ასევე აშშ-ის ზოგიერთი კრიტიკული სამხედრო დახმარების გაუქმებას.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა გეგმაზე. იგი ისმენდა როგორც უკრაინელების, ისე რუსების მოსაზრებებსა და პირობებს ომის დასასარულებლად. ამის შესახებ განაცხადა, აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, რადგან მას არ ჰქონდა საჯარო კომენტარის გაკეთების უფლება.
მისივე თქმით, ტრამპი მხარს უჭერს ამ გეგმას. მიმდინარე მოვლენებსა და მოლაპარაკებებს კიევის მცხოვრებლები ეხმაურებიან.
„ჩემი აზრით, რუსეთი არ გაჩერდება. ამიტომ მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებზე დათანხმება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ეს ფაქტობრივად, დანებებაა. რისთვის დაიღუპნენ ჩვენი ბიჭები? ეს არ გვაძლევს გარანტიას, რომ მშვიდობა იქნება, დღეს ამ მიწას მივცემთ, ხვალ კი უფრო მეტს მოითხოვენ. ამიტომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ საკითხავია, როგორ გავაკეთოთ ეს. მხოლოდ ღმერთი თუ დაგვეხმარება. დამწუხრებული ვარ მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მე ქრისტიანი ვარ, მღვდელი და ამიტომ საბრძოლო განწყობაზეც ვარ. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენს ყველა მიწას დავიბრუნებთ და მშვიდობა დამყარდება”. – ამბობს სამხედრო მოძღვარი, მამა დენისი.
საიდუმლო სამშვიდობო გეგმის შესახებ მითქმა-მოთქმამ, უფრო მეტად გაზარდა ზეწოლა ზელენსკიზე. იგი, თავის მხრივ, აძლიერებს უკრაინის თავდაცვას რუსეთის დიდი არმიის წინააღმდეგ და ხვდება ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერის მოსაპოვებლად. იგი ასევე იძულებულია, გაუმკლავდეს მსხვილ კორუფციულ სკანდალს, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკულ სექტორთან და რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
„სამშვიდობო გეგმა ვერ იარსებებს, რადგან ქვეყანაში ქურდობაა. ჩვენი პრეზიდენტი ბევრ რამეშია გარეული. მუდმივად გვატყუებენ. ძალიან მცირე პენსია გვაქვს, ფაქტობრივად, გაღატაკებულები ვართ. თითქმის 70 წლის ვარ და ლუკმაპურის საშოვნელად სამსახურში მიწევს სიარული. ქირაც გადასახდელია. მეცოდებიან ჩემი შვილები და შვილიშვილები. სამშვიდობო გეგმა გამორიცხულია. ამერიკელები თავიანთ შეხედულებას გვახვევენ თავს: უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა დავკარგოთ. რა გეგმაზეა საუბარი.” – ამბობს კიევის მკვიდრი, ოქსანა.
„ჩემი შვილი ომში იბრძვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ვინმესთან იმ პირობებზე საუბარი, რომლებზეც რამდენიმე დღეა აჟიოტაჟია ატეხილი. ჩვენ ეს არ გვინდა“. – აცხადებს კიევის მკვიდრი, ივან ტრეფიაკი.
ევროპელი ლიდერები წლის დასაწყისიდანვე იყვნენ შეშფოთებული, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათაც და ზელენსკისაც საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებდა
ეს შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა ტრამპის შემრიგებლურმა მიდგომამ. თუმცა გასულ თვეს აშშ-ის პრეზიდენტმა, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა და რუსეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ნავთობის სექტორის წინააღმდეგ დააწესა მკაცრი სანქციები, რომლებიც 21 ნოემბერს ამოქმედდება.

