მთავარიმსოფლიორა წერია აშშ-ის ახალ სამშვიდობო გეგმაში

რა წერია აშშ-ის ახალ სამშვიდობო გეგმაში

ოთხწლიანი ბრძოლის შემდეგ მომავალი უკრაინისთვის გაურკვეველია. მას შემდეგ, რაც კიევში ომის დასრულების ახალი გეგმა გადაიკითხეს, ხვალინდელი დღის პროგნოზირება კიდევ უფრო გაჭირდა. 28-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც ვაშინგტონის, მოსკოვისა და კიევის გარდა, დღეს უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს, ვლადიმერ პუტინის საახალწლო სურვილების სიას უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლიანი მშვიდობის დამყარების გეგმას.

ტერიტორიული დათმობა, ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებზე უარი, თავდაცვის ძალების შეკვეცა და ფრონტის ხაზის გაყინვა – ასე გამოიყურება მოკლედ უკრაინის წინაშე მდგარი შეთავაზებები, რომლებსაც კიევი არც იღებს და კატეგორიულადაც ვერ უარყოფს. ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ე.წ. „უიტკოფ-დიმიტრიევის” გეგმა მიიღო, თუმცა მისი შეფასების ან მისი გაჟღერებისგან ცოტა ხნით თავს შეიკავებს.

„ჩვენთვის, ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დროა. ახლა უკრაინა შეიძლება დადგეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე – ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების, დაკარგვის რისკი; ან ურთულესი 28 პუნქტი, ან უმძიმესი – ყველაზე რთული ზამთარი და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე და ის, რომ ვენდოთ მას, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს.

ახლა უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზეწოლაა. ჩვენგან პასუხს ელიან, მაგრამ ამაზე უკვე გავეცი პასუხი 2019 წლის 20 მაისს, როდესაც ვთქვი, რომ ვიღებ ვალდებულებას, დავიცვა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ფოლადისებრნი ვართ, მაგრამ ყველაზე გამძლე ლითონმაც კი შეიძლება ოდესღაც ვეღარ გაუძლოს. ჩვენ რამდენიმე ათასკილომეტრიან ფრონტს ვამაგრებთ და ვინარჩუნებთ. ყოველ ღამე ხალხი ბომბების ქვეშ არის. უკრაინელებს ძალიან უნდათ, რომ ეს ომი საბოლოოდ სამართლიანად დასრულდეს.

მივმართავ ყველას – ერსა და პოლიტიკოსებს! საჭიროა, შევიკრიბოთ და შევწყვიტოთ დაპირისპირება. ჩვენ არ ვუღალატეთ უკრაინას მაშინ, 2022 წლის 24 თებერვალს და არც ახლა ვუღალატებთ. მე ვიცი, რომ ხალხი ჩემთანაა. მომავალი კვირა არ იქნება მარტივი და იქნება მოვლენებით დატვირთული. თქვენ ზრდასრული და ინფორმირებული ხალხი ხართ. ამ დროს დიდი ზეწოლა იქნება. მტერი არ ისვენებს.

უკრაინული ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასა და ყველა პარტნიორთან. მე დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ნამდვილად არ მივცემთ მტერს საბაბს, თქვას, რომ უკრაინას მშვიდობა არ სურს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში, აშშ-ის 28-პუნქტიანი გეგმის გასაჯაროების შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში გეგმის ავტორს, დონალდ ტრამპს, პირადად დაელაპარაკება. მანამდე პენტაგონს ელაპარაკა, რომლის მაღალი რანგის წარმომადგენლობამაც მას კიევში ჩააკითხა. აშშ-ის არმიის მდივანი, დენიელ დრისკოლი, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად კიევში კონსულტაციებისთვის მიავლინეს. საჯაროდ გეგმაზე არავინ საუბრობს, თუმცა გასაიდუმლოებული დოკუმენტის შესაძლო შინაარსი ავტორიტეტიან მედიასაშუალებებს ჩაუვარდათ ხელში, რომლებიც დონალდ ტრამპისეული მშვიდობის პუნქტებს გვთავაზობენ.

შესაძლო გეგმის მიხედვით:

„დონბასის რეგიონისა და ყირიმის დე-ფაქტო რუსულ რეგიონებად აღიარებაა განსაზღვრული. მასში შემოთავაზებულია ხერსონსა და ზაპოროჟიეში კონფლიქტის ხაზის გაყინვა. არაოფიციალური ტექსტის თანახმად, რუსეთმა უარი უნდა თქვას იმ რეგიონებზე, რომლებსაც ამ ტერიტორიების მიღმა ახლა აკონტროლებს. უკრაინამ კი უნდა დატოვოს დონეცკის ოლქი – მისთვის დონალდ ტრამპის გეგმის თანახმად,  დემილიტარიზებული  ბუფერული ზონის სტატუსია გათვალისწინებული, თუმცა რუსეთის შემადგენლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გეგმის თანახმად, მასში შესვლა მოსკოვსაც აეკრძალება. მასშტაბური ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობებზე კიევის პირველი პასუხი გაეროს ტრიბუნებიდან გაისმა – ის უცვლელია – „ჩვენი მიწა არ იყიდება””.

„პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მზადაა ომის დასასრულებლად კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ლიდერების დონეზე, ჩვენი წითელი ხაზები ნათელი და უცვლელია. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ არც ოფიციალურად და არც სხვაგვარად უკრაინის ტერიტორიას, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც რუსულს. ჩვენი მიწა არ იყიდება. უკრაინა არ დასთანხმდება თავდაცვის უფლების ან ჩვენი შეიარაღებული ძალების ზომისა და შესაძლებლობების რაიმე შეზღუდვას. ჩვენ ასევე არ შევეგუებით ჩვენი სუვერენიტეტის რაიმე დარღვევას, მათ შორის ჩვენი სუვერენული უფლების არჩევას იმ ალიანსებში, რომლებშიც გაწევრიანება გვსურს. ნებისმიერი ნამდვილი სამშვიდობო პროცესი უნდა იცავდეს ამ ფუნდამენტურ პრინციპს: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე“, – აღნიშნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტინა ჰაიოვიშინმა.

დონალდ ტრამპის 28 პუნქტი უფრო შორსაც მიდის. პუნქტების მიხედვით, უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურების ფონზე, მოსკოვი, კიევი და ევროპა დადებენ ხელშეკრულებას თავდაუსხმელობის შესახებ და ამით ბოლო 30 წლის ბუნდოვანებას მოგვარებულად ჩათვლიან. რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ამ პირობას კანონმდებლობის დონეზე აიყვანს და თუ მაინც ასე მოიქცევა, აშშ-სგან მინიჭებულ ყველა გარანტიას დაკარგავს – ანუ ამ შემთხვევაში მოსკოვი გარისკავს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდეს კოორდინირებული სამხედრო რეაგირება, აღდგეს სანქციები, შტატებს უკან წააღებინოს ახალი ტერიტორიების აღიარება და ყველანაირი სარგებელი დაკარგოს. ჩანაწერის მიხედვით, გარანტიებს დაკარგავს კიევიც, თუ მოსკოვს უმიზეზოდ დაარტყამს. გეგმით გათვალისწინებულია ორივე მხარის ამნისტია ომის დროს გადადგმული დანაშაულებრივი ნაბიჯებისთვის.

„რატომ არ წყვეტენ რუსები და უკრაინელები ერთმანეთის ხოცვას და არ იწყებენ ერთმანეთთან ვაჭრობას? უკრაინამ და რუსეთმა, ომის წარმოების ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლა განახორციელონ. ეს არის დონალდ ტრამპის ფუნდამენტური შეხედულება ამ საკითხებზე. ამჟამად რვა სამშვიდობო შეთანხმება გვაქვს. მეცხრე და მეათე შეთანხმებაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ ტრამპი თუ მეათეს მიაღწევს, მხოლოდ მათემატიკური ჰარმონიის გულისთვის. მეათეს თუ მიაღწევს, დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია უნდა მიენიჭოს“, – აღნიშნავს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

ტრამპის პროექტის თანახმად, ნატომ გაფართოებაზე უარი ოფიციალურად უნდა თქვას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე უარს კონსტიტუციის დონეზე ამბობს უკრაინაც. დაიდება პირობა, რომ ქვეყანაში ნატოს ჯარები არ განთავსდებიან. ევროპული გამანადგურებლები კი პოლონეთში დაიდებენ ბინას. ამ გეგმით ალიანსისა და მოსკოვის მორიგებაში ვაშინგტონი ჩაერთვება, კიევი კი მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს. თუმცა იმავე სქემის მიხედვით, კიევს უარის თქმა მხოლოდ ნატოზე არ უწევს, მან შეიარაღებული ძალები 600 000-იან პერსონალამდე უნდა შეამციროს. ყველაფერთან ერთად შესაძლო გეგმაში გაწერილია რუსეთის პრეზიდენტის დიდი ხნის მოთხოვნა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, რომელიც დათქმით შეთანხმებიდან 100 დღეში უნდა მოხდეს. კიევში მიმდინარე ხმაურიანმა კორუფციულმა სკანდალმა და ვაშინგტონიდან მომდინარე ზეწოლამ ვოლოდიმირ ზელენსკი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, რითაც მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ მალევე ისარგებლა. ვლადიმერ პუტინი სხვების კორუფციაზე ალაპარაკდა.

„ჩვენ  ვიცით, თუ რას წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არანაირი ხელმძღვანელობა ეს არ არის. გასული წლის მარტიდან  ამ ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა საზოგადოებამ მოახდინა ხელისუფლების  უზურპირება უკრაინაში და რუსეთთან ომის გაგრძელების საბაბით ინარჩუნებს მას, პირადი გამდიდრებისთვის. ეს ძალიან ნათელი გახდა ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებშიც, ყველასათვის ნათელია, რომ ეს ხალხი ოქროს უნიტაზებზე ჯდომისას საკუთარი ქვეყნისა და უბრალო უკრაინელების ბედზე ნაკლებად ფიქრობს”, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ახალი გეგმით უკრაინა კვლავ არაბირთვულ სახელმწიფოდ რჩება, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან მიღებულ ენერგიას კი რუსეთი და უკრაინა თანაბრად გაინაწილებენ. ოფიციალურ განცხადებებში ხაზი გაესვა იმას, რომ ახალი სამშვიდობო გეგმა დიდი ალბათობით შეიცვლება, რადგან ის ამ ეტაპზე სასტარტო  პუნქტებს მოიცავს, რომელზეც საბოლოო ვერსია უნდა დაშენდეს. ცნობილია ისიც, თუ ვინ და რა პირობებში ამუშავებდა ამბიციურ გეგმას.

„სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ჩუმად მუშაობდნენ ამ გეგმაზე, დაახლოებით ბოლო 1 თვის განმავლობაში. ისინი თანაბრად იყვნენ ჩართულები ორივე მხარესთან, რუსეთსა და უკრაინასთან – რათა კარგად გაეგოთ, თუ რაზე არიან ეს ქვეყნები წამსვლელი იმისათვის, რომ ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა დამყარდეს”, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შესაძლო გეგმა უკრაინის ევროკავშირის წევრობას ითვალისწინებს, თუმცა მასში არაფერი იკითხება იმაზე, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს ევროპას საკუთარი კონტინენტის უსაფრთხოებითი არქიტექტურის ფორმირებაზე. ბრიუსელი გეგმის შესახებ საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ. სხვადასხვა მედიასაშუალებები წერენ, რომ ევროპელები შესაძლოა მუშაობდნენ სხვა, ალტერნატიულ გეგმაზე, რომელიც უკრაინისთვის უფრო სამართლიან პირობებს ითვალისწინებს. BBC წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ახალი სამშვიდობო გეგმის ირგვლივ ევროპელმა ლიდერებმა საგანგებო მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

„ამ გეგმის შესახებ ევროკავშირთან ოფიციალურად კომუნიკაცია არ განხორციელებულა, შესაბამისად, ვერ ვხედავ აზრს ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ  ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება უკრაინის ურყევი მხარდაჭერის მიმართ, გაეროს ქარტიის შესაბამისად”, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.

„როგორც ითქვა, 28-პუნქტიანი გეგმა საჯარო გახდა. ჩვენ განვიხილავთ სიტუაციას როგორც ევროპელ ლიდერებთან, ასევე ლიდერებთან აქ, დიდი ოცეულის ფარგლებში. მე ასევე გავესაუბრები ვოლოდიმირ ზელენსკის საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ პრინციპს, რომელსაც ყოველთვის ვუსვამთ ხაზს. არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. უკრაინას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი, რადგან ეს არ არის აგრესია მხოლოდ უკრაინაზე, ესაა აგრესია გაეროს ქარტიის წინააღმდეგ. ეს არის ევროპული  მიწა, შესაბამისად, დავეხმარებით უკრაინას, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას”, – დაამატა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შესაძლო გეგმაში გათვალისწინებულია  უკრაინის რეკონსტრუქცია, რომელიც ნაწილობრივ გაყინული რუსული აქტივებით მოხდება. მასშივე ვკითხულობთ, რომ რუსეთი გლობალურ ეკონომიკას სანქციების გარეშე დაუბრუნდება. მეტიც, მას დიდ შვიდეულში ხელახლა შეერთების შესაძლებლობაც მიეცემა. დაპირისპირებული მხარეები დაიწყებენ საზოგადოებასა და სკოლებში ტოლერანტობის კამპანიებს, საგანმანათლებლო პროექტები რასიზმისა და ნაცისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ტყვეებსა და პატიმრებს კი უკრაინა და რუსეთი ყველა ყველას სანაცვლოდ გაცვლიან. აშშ-ის სურვილ აქვს ახალი გეგმის საბოლოო ვერსიას ხელი 27 ნოემბრამდე, ანუ მადლიერების დღემდე მოეწეროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend