„ომის დასრულების გეგმა” უკვე კიევშია. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ვაშინგტონისგან მიიღო ახალი სამშვიდობო გეგმის პროექტი, რომლის განხილვასაც უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპთანაც გეგმავს.
კიევის განცხადებით, სისხლისღვრის შეჩერებისა და ომის სამართლიანი დასრულების მიზნით, მზად არიან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის როგორც აშშ-თან, ისე ევროპელ და გლობალურ პარტნიორებთან.
ვოლოდიმირ ზელენსკის არ უთქვამს რას გულისხმობს ახალი სამშვიდობო გეგმა, არც იმ სპეკულაციებზე გაუკეთებია კომენტარი, რომლებიც სხვადასხვა მედიაში ვრცელდება. უკრაინის პრეზიდენტი გუშინ, 20 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მდივანს, დანიელ დრისკოლს შეხვდა. მხარეებმა ომის დასრულების გეგმა განიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
„ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები – ომის დასრულების გეგმის პუნქტები – მათი ხედვა. ომის პირველივე დღეებიდან გვაქვს ერთი, უაღრესად მარტივი პოზიცია: უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა – ისეთი, რომელიც მესამე შემოჭრით არ განადგურდება. ღირსეული მშვიდობა – ისეთი, რომელიც პატივს სცემს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და უკრაინელი ხალხის ღირსებას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება. ის იმედოვნებს, რომ მომდევნო დღეებში დონალდ ტრამპთან საუბრის საშუალება ექნება.
„მომავალ დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის იმედი მაქვს. გვესმის, რომ ამერიკის ძალასა და მხარდაჭერას შეუძლია მშვიდობის დამყარება და არ გვინდა ამის დაკარგვა. ასევე გვესმის, რომ რუსეთს მშვიდობის რეალური სურვილი არ აქვს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ ომს არ დაიწყებდნენ. არსებობს მრავალი შეფასება – საკმაოდ სამართლიანი – რომ რუსეთი წელს მხოლოდ ერთ რამეს ცდილობს: სანქციების გადადებას და მეტი დროის მოგებას ომისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

