ევროკომისიამ წარმოადგინა თავდაცვის ახალი პაკეტი, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ტანკებისა და ჯარების უფრო სწრაფად განთავსებას გაუხსნის გზას და შესაბამისად, კონტინენტზე მობილობას გაზრდის.
ეს კი ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთთან დაკავშირებული დრონების მიერ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეების დარღვევის ფონზე ხდება.
„კომისიის წინადადება მომდევნო წლებისთვის, 17 მილიონი ევროს ოდენობით ინვესტიციას ითვალისწინებს ორმაგი გამოყენების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის. ეს NATO-ს მოკავშირეების მიერ, მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ის უსაფრთხოების ინვესტიციებისთვის გამოყენების დაპირების პარალელურად ხდება.
თუ სამხედრო მობილობის, თავდაცვის მზადყოფნის, თავდაცვის ხარჯების გაზრდის, ასევე წარმოების და წევრი ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიების თავსებადობისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით ნაბიჯებს გადავდგამთ, რაზეც დღესაც ვსაუბრობდით, მაშინ რუსეთი თავს არ დაგვესხმევა, რადგან ჩვენ სუსტები არ ვიქნებით”, – ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი.
ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროპული სადაზვერვო სამსახურების მონაცემებით, მომავალი 3-4 წლის განმავლობაში რუსეთი შესაძლოა ევროკავშირს თავს დაესხას ან NATO-ს მეხუთე მუხლი გამოცადოს.
ევროკომისიის ახალი წინადადება, დაახლოებით 17 მილიარდი ევროს ინვესტირებას ითვალისწინებს 500 სტრატეგიულ წერტილში – პოლონეთიდან პორტუგალიამდე. ეს სტრატეგიული წერტილები კი ხიდები, პორტები და გვირაბებია, რომლებიც ამჟამად მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გატარებას ვერ ახერხებენ.
კუბილიუსის თქმით, საბოლო მიზანი „სამხედრო შენგენის“ შექმნაა. მისი განმარტებით, „საზღვრისპირა ქვეყნები“, როგორიცაა ესტონეთი, ლატვია და ფინეთი, ძლიერ ინფრასტრუქტურულ კავშირებს საჭიროებენ „კონტინენტურ ქვეყნებთან“ – მაგალითად, საფრანგეთთან და გერმანიასთან.
