ბოლო თვეებში NATO-ს საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრის გამო ალიანსში გარკვეულწილად დაუცველობის განცდა გაჩნდა, რამაც ევროპაში დიდი მღელვარება გამოიწვია. რუსული დრონებისგან თავის დასაცავად პოლონეთი და რუმინეთი ახალი შეიარაღების სისტემის განთავსებას გეგმავენ.
ამერიკულ Merops სისტემა ისეთი ზომისაა, რომ ავტომობილის საბარგულშიც მოთავსდება. მას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეუძლია დრონების იდენტიფიცირება და მათთან მიახლოება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩახშულია ნავიგაციისთვის საჭირო თანამგზავრული და ელექტრონული კომუნიკაციების არხები.
„სისტემამ, რომელსაც დღეს ნახავთ, უკვე გაანადგურა „შაჰედის“ ტიპის 1000-ზე მეტი დრონი, ის ეფექტურია ასეთი დრონების ჩამოგდებაში. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა მსგავსი თავდასხმების მოსაგერიებლად. ამიტომ ვიყენებთ ჩვენც მას. ის ძალიან ეფექტურია. მის სამართავად მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცია საჭირო. ის ასევე ბევრად ეკონომიურია. „შაჰედის“ დრონი 60 000-დან ასი ათასზე მეტი დოლარი ღირს. ხოლო ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, ათჯერ უფრო იაფი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შევამციროთ ხარჯები როგორც სენსორებისთვის, ისე სხვა ნაწილებისთვის. ასე რომ, ეს სისტემა იმაზე ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე რუსეთი „შაჰედის“ ტიპის დრონების სისტემების ასაწყობად და გამოყენებისთვის ხარჯავს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – განაცხადა აშშ-ის არმიის მე-10 საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სარდლობის მეთაურმა და ბრიგადის გენერალმა კურტის კინგმა.
NATO-ს სამხედრო წარმომადგენლებმა „ესოშიეითედ პრესს“ განუცხადეს, რომ „მეროფსის“ სისტემები პოლონეთისა და რუმინეთის გარდა დანიაშიც განთავსდება. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვის გასაძლიერებლად. რუსეთთან საზღვარი იმდენად კარგად უნდა იყოს დაცული, რომ შეაკავოს ნებისმიერი პროვოკაცია.
„ჩვენი ამოცანაა განვითარების თანმიმდევრული შესაძლებლობების წინ წამოწევა და ურთიერთქმედების ხელშეწყობა. აღმოსავლეთ ფლანგის ხაზი უზრუნველყოფს შეკავებას მშვიდობიან დროს ისე, რომ არ გახდეს აუცილებელი ნატოს მხრიდან გაძლიერებული მოქმედებები და არც მის გეგმებზე იქონიოს რამემ გავლენა. მნიშვნელოვანია, თუ ამით მეტი ქვეყანა დაინტერესდება. ნატოს 32 წევრისგან შემდგარი ალიანსი, იქნება ეს აღმოსავლეთის ფლანგზე თუ ოდნავ დასავლეთით, მზადაა, ამ შესაძლებლობების აღმოსავლეთ საზღვარზე დასანერგად“, – აცხადებს NATO-ს მოკავშირეთა სახმელეთო სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადირი კრის გენტი.
ასეთი ტექნოლოგიის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც სექტემბრის დასაწყისში პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 20 რუსული დრონი შეიჭრა. რამდენიმე ათეული ათასი დოლარის ღირებულების დრონების გასანეიტრალებლად მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების თვითმფრინავები გახდა საჭირო.
მოგვიანებით დრონებმა დაარღვიეს რუმინეთის საჰაერო სივრცეც და შეაფერხეს მუშაობა კოპენჰაგენის, მიუნხენის, ბერლინისა და ბრიუსელის აეროპორტებში. დრონები ასევე შენიშნეს სამხედრო ობიექტების მახლობლად როგორც ბელგიაში, ისე დანიაში.

