ესპანეთი უკრაინას 615 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დახმარებიდან 300 მილიონი ევრო განკუთვნილია უსაფრთხოების სფეროში შეთანხმების შესასრულებლად, რომლითაც ესპანეთმა ვალდებულება აიღო უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ყოველწლიურად 1 მილიარდი ევრო გამოყოს.
„მე პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, რომ მომდევნო თვის განმავლობაში ესპანეთი უკრაინისთვის 615,000,000 ევროს ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს მოამზადებს. ეს პაკეტი პირველ ეტაპზე დაახლოებით 300 000 000 ევროს ღირებულების ახალი თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას გულისხმობს, რაც ჩვენი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების ნაწილია. ასევე ეს დახმარების პაკეტი 10,000,000 ევროს მოიცავს, რომელიც ჩვენ წელს უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად გამოვყავით“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად მნიშვნელოვანია რუსეთზე წნეხის გაზრდა.
„ყოველწლიურად მილიარდი ევრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ჩვენ ესპანეთის მადლიერები ვართ, რომ მზად არიან უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიაში თავისი წვლილი შეიტანონ 100 მილიონი ევროს სახით. ამაზე დღეს შევთანხმდით. ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს, შევიძინოთ ჩვენი თავდაცვისთვის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი გაემგზავრება ესპანეთიდან თურქეთში, სადაც დღეს თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრას გამართავს. თურქეთში დაგეგმილ შეხვედრას შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაშემწე სტივ უიტკოფიც დაესწროს. მხარეები უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გზებს განიხილავენ.

