მთავარიამერიკააშშ„ეფშტეინის ფაილები“ სრულად გასაჯაროვდება - ამ გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირეს აშშ-ის კონგრესსა...

„ეფშტეინის ფაილები“ სრულად გასაჯაროვდება – ამ გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირეს აშშ-ის კონგრესსა და სენატში

აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ეფშტეინის ფაილების“ გასაჯაროების შესახებ. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს დაევალება, გაასაჯაროოს არასრულწლოვანების ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ჯეფრი ეფშტეინთან დაკავშირებით არსებული ყველა არაკლასიფიცირებული ჩანაწერი, დოკუმენტი და საგამოძიებო მასალა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 427-მა კონგრესმენმა და წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ ერთმა. წინააღმდეგი იყო რესპუბლიკელი ქლეი ჰიგინსი, რომელიც ფიქრობს, რომ მასალების გამოქვეყნებით დაზარალდებიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც ნახსენები არიან დოკუმენტში.

წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი გაეგზავნა სენატს, სადაც უკვე დაამტკიცეს მხარდაჭერილი კანონპროექტი. იქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერდა კანონპროექტს, თუკი კონგრესი მას მიიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან თავად პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო.

ჯეფრი ეფშტეინთან კავშირში ადანაშაულებდნენ როგორც რესპუბლიკელებს, ასევე დემოკრატებს. გასულ კვირას დემოკრატებმა გამოაქვეყნეს ელექტრონული მიმოწერის ნაწილი, რომელშიც დონალდ ტრამპი იყო ნახსენები. მოგვიანებით, რესპუბლიკელებმა გამოაქვეყნეს დაახლოებით 20 ათასამდე მიმოწერა, რათა, მათი თქმით, წინააღმდეგობა გაეწიათ დემოკრატების მცდელობისთვის – შერჩევითად გაავრცელონ მხოლოდ მათთვის სასარგებლო დოკუმენტები.

თავად დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ეფშტეინთან და მასთან ურთიერთობა 2000-იანი წლების დასაწყისში, მის პირველ დაკავებამდე ორი წლით ადრე შეწყვიტა. რაც შეეხება ჯეფრი ეფშტეინს, ის 2019 წელს ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend