მთავარიმსოფლიოდრონები, საბოტაჟი, დივერსია - რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებები ევროპის წინააღმდეგ

დრონები, საბოტაჟი, დივერსია – რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებები ევროპის წინააღმდეგ

დასავლეთში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ რუსეთმა უკრაინაში კინეტიკური სამხედრო მოქმედებების პარალელურად ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული მოქმედებები გააძლიერა.

აქტიური გამოძიება მიმდინარეობს იმ შემთხვევის ზუსტი დეტალების დასადგენად, რომლის გამოც უკრაინისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად დაზიანდა. პოლონეთი აპირებს, ქვეყანაში არსებული რუსეთის უკანასკნელი საკონსულოც დახუროს. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ამბობს, მალე გდანსკში რუსეთის საკონსულო აღარ იმუშავებს.

პოლონეთში რკინიგზის ხაზის აფეთქებას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც: „რა თქმა უნდა, საბოლოო დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია, მაგრამ არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, თუ ვის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს ასეთი თავდასხმა. სავარაუდოდ, პოლონეთის მთავრობის ეჭვი საფუძვლიანია. და ჩემი აზრით, ეს განეკუთვნება საბოტაჟის აქტების სერიას, რომელსაც ბოლო წლებში  ხშირად ვხედავთ გერმანიაში“.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კრემლის მიზანი ნამდვილად არის სარკინიგზო ხაზის დაზიანება,  რადგან ამით უკრაინის სამხედრო მომარაგების საკითხებს პრობლემა ექმნება. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა: „ჩვენ, ცხადია, ვგმობთ იმას, რაც პოლონეთში მოხდა. მინდა,  კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სოლიდარობას ვუცხადებთ  პოლონეთს, მის პრეზიდენტსა და მთავრობას. მიმაჩნია, რომ უპასუხისმგებლო შემთხვევის დეტალები უნდა დადგინდეს. თუმცა, აშკარაა, რომ ეს ამჟამად არღვევს მომარაგების სისტემას. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას.  პასუხი გაცემულია. ეს ადასტურებს ჩვენს ერთგულებასა და ყოვლისმომცველ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ“.

„საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების  ამერიკული ცენტრის” ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპის ქვეყნებში საბოტაჟის სულ მცირე 70 შემთხვევაა გამოვლენილი. ეს მიმდინარე წლის მარტის მონაცემებია. თავდასხმების 27% სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ  იყო.  შემდეგ მოდის სამთავრობო ობიექტები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ინციდენტის შეფასებისას განაცხადა: „ეჭვი არ გვეპარება, რომ ლიანდაგის აფეთქების მცდელობა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანება წინასწარ განზრახული იყო.  ამის ჩამდენნი დამნაშავეები არიან.  მათი მიზანი იყო სარკინიგზო ტრანსპორტში კატასტროფის გამოწვევა. უკრაინაში მიმდინარე ომის სრულმა მასშტაბმა  გადალახა გარკვეული ზღვარი. როგორც იცით, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას მაშინ ვავრცელებთ, როცა ეს საჭირო ხდება. პოლონეთი არის სხვადასხვა საბოტაჟისა და დეზინფორმაციის გავრცელების სამიზნე.  მათ შორის შედის, მაგალითად, მიზანმიმართულად ცეცხლის წაკიდება“.

ექსპერტების შეფასებით, ევროპის წინააღმდეგ  რუსული ჰიბრიდული აქტიურობა მიზნად ისახავს, უკრაინის მოკავშირეებზე გაიზარდოს ზეწოლა, რათა კრემლის არმიამ ოკუპაციის ამოცანა წარმატებით შეასრულოს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც  საბრძოლო მოქმედებების ტემპი  ზამთრის მოახლოებისა  და რთული კლიმატური პირობების გამო ყოველდღიურად მცირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend