უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში იმყოფება, სადაც თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
ორი ქვეყნის ლიდერებმა, განიხილეს უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზები.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, „თურქეთი არის შავი ზღვის რეგიონის საკვანძო მოთამაშე, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან“. ამიტომ, მისი თქმით, ანკარა მზად არის, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატს, რომელიც სათავეს დაუდებს უკრაინაში მტკიცე და სამართლიან მშვიდობას:
„თურქეთი ყოველთვის არის მზად განიხილოს რუსეთთან წინადადებები, რომლებიც დააჩქარებენ ცეცხლის შეწყვეტას და სათავეს დაუდებენ მტკიცე და სამართლიან მშვიდობას. ამ პროცესში ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას.
ვთვლით, რომ უფრო სარგებლის მომტანი იქნებოდა სტამბოლის პროცესის გააქტიურება და მასში ისეთი კომპლექსური საკითხების ჩართვა, რომლებიც გამწვავებულ პრობლემებს ეხება. ასევე ველით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, რომელსაც სურს რეგიონში სისხლისღვრის დასრულება, სტამბოლის პროცესისადმი კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს“.- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად თურქეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს:
„რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ ომისა და მკვლელობებისთვის არანაირი ჯილდო არ იქნება და არ შეიძლება, რუსეთს მიეცეს შესაძლებლობა, კიდევ ერთი მსგავსი ომი გააჩაღოს უკრაინის ან მეზობელ რეგიონში ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.
უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან სამუშაოდ. მადლიერი ვარ, რომ თურქეთი გვეხმარება.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის პრინციპული პოზიცია და დიდ იმედებს ვამყარებთ თურქეთის დიპლომატიაზე. აუცილებელია „მსურველთა კოალიციაში“ თურქეთის აქტიური ჩართულობა, განსაკუთრებით სამხედრო-საზღვაო ნაწილში. ყველა იაზრებს შავ ზღვაში უსაფრთხოების მნიშვნელობას. ასეთი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ თურქეთს შეუძლია…“
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა წლის ბოლომდე შეძლებს ტყვეთა დიდი ნაწილის დაბრუნებასაც:
„ამ საკითხში თურქეთი ნამდვილად გვეხმარება და მინდა, პრეზიდენტ ერდოღანს ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაზე. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პლატფორმები და ვმუშაობთ ამ მხრივ…“
ცნობილია, რომ ანკარაში დაგეგმილ საუბრებში რუსული მხარე ჩართული არ იქნება – ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.
რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესში თურქეთი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო, ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულიდან, თუმცა სამხედრო ტყვეების გაცვლის რამდენიმე ეტაპიანი პროცესის შემდეგ შეჩერდა. მხარეები ერთმანეთს ნების არარსებობაში ადანაშაულებენ.

