უკრაინის არმიის სახმელეთო ძალებმა ახალი სისტემა აამოქმედა, რომელიც უცხოელ მოხალისეებს სამსახურში მეტ მოქნილობას ანიჭებს და მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი უნარებისა და გამოცდილების საფუძველზე აირჩიონ ბრიგადა, მოქმედების არეალი და როლი.
ეს ცვლილება შემუშავდა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს უცხოელ მოხალისეთა ინტეგრაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს შემოღებულმა გარკვეულმა ფორმატებმა, დანიშნულება გაამართლა ქვეყნის თავდაცვის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში და უზრუნველყო უცხოელი მოხალისეების სწრაფი ინტეგრაცია. როგორც ძალოვანი უწყება აღნიშნავს ამავდროულად, ფრონტზე არსებული ვითარება, თავდაცვის ძალების სტრუქტურა და საბრძოლო დანაყოფების საჭიროებები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით ამ წლის დასაწყისში კიევმა 8,000-ზე მეტი უცხოელი მოხალისე მიიღო შეიარაღებულ ძალებში.
