გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას, ღაზაში ომის დასრულების შესახებ და პალესტინის ანკლავში, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების განლაგების უფლებამოსილებას იძლევა.
რეზოლუციის თანახმად, გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ტრამპის თავმჯდომარეობით შექმნილ მშვიდობის საბჭოში, რომელიც ღაზის რეკონსტრუქციასა და ეკონომიკურ აღდგენაზე იმუშავებს. მშვიდობის საბჭო ასევე ავტორიზაციას გაუწევს საერთაშორისო სამშვიდობო ძალებს, რომლებიც ღაზის დემილიტარიზაციის პროცესზე იმუშავებენ, მათ შორის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით.
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, გაეროს რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მშვიდობისთვის მუშაობა ისევე უნდა გააგრძელოს, როგორც ამას გასული თვეების განმავლობაში აკეთებდა. მისი განცხადებით ახლო აღმოსავლეთში პალესტინელებმა და ისრაელელებმა მშვიდობიანად უნდა შეძლონ ცხოვრება.
„დღევანდელი რეზოლუცია მხოლოდ დასაწყისია. დღეს ამ რეზოლუციის მიღება გვაჩვენებს, რომ უდიდესი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტის ხედვას სტაბილური ღაზის შესახებ, სადაც პალესტინელები თავად განსაზღვრავენ საკუთარ ბედს, ტერორისტული მმართველობისა და ძალადობისგან დამოუკიდებლად. პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას. ჩვენ დღეს უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ დავასრულოთ სისხლისღვრა, რომელიც ათწლეულებია მიმდინარეობს და მდგრადი მშვიდობა რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა.
რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ „შესაძლოა საბოლოოდ შეიქმნას პირობები პალესტინის თვითგამორკვევისა და სახელმწიფოებრიობის სანდო გზის დასაწყებად“, მას შემდეგ, რაც პალესტინის ხელისუფლება რეფორმების პროგრამას აამოქმედებს.
რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა „ჰამასიც“. დაჯგუფებაში ამბობენ, რომ დოკუმენტი ღაზის სექტორის საერთაშორისო მეურვეობის მექანიზმს აწესებს, რასაც ღაზაში მცხოვრები ხალხი და მათი ფრაქციები უარყოფენ.
„ჰამასმა“კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაჯგუფება განიარაღებას არ აპირებს და რომ ისრაელის წინააღმდეგ მათი ბრძოლა ლეგიტიმური წინააღმდეგობაა. პალესტინის ხელისუფლება რეზოლუციის მიღებას მიესალმა და განაცხადა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს მის შესრულებაში.

