ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს დაუჭირა მხარი, რაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფრო მარტივად შეჩერებას ითვალისწინებს.
საბჭოს განცხადების თანახმად, ახალი შესწორებით ევროკავშირს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს ამა თუ იმ ქვეყნის მიერ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების ან „ევროკავშირის ინტერესების გვერდის ავლის შემთხვევაში“.
„როდესაც ცვლილებები ძალაში შევა, ევროკავშირი შეძლებს, ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის სტატუსი გააუქმოს, თუ მესამე ქვეყანა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ იქნება. ასევე, უვიზო მიმოსვლა შეიძლება გაუქმდეს, თუ ევროკავშირის ურთიერთობები რომელიმე ქვეყანასთან გაუარესდება, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამო,” – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მექანიზმი უვიზო მიმოსვლის პირველ ეტაპზე შეჩერების 12 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს, ამჟამად მოქმედი 9 თვის ნაცვლად.
„მაშინ, როდესაც საწყისი პერიოდის გახანგრძლივების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის შეჩერება ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხება, ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ეტაპი მთელ მოსახლეობაზე არ გავრცელდება. ნაცვლად ამისა, ევროკავშირმა შეიძლება ზომების გამოყენება მთავრობის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ გააგრძელოს“ – წერია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის ლიდერებისგან არაერთხელ გაისმა კრიტიკა საქართველოს მმართველი პარტიის, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე ქვეყნაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო. მათ არაეთხელ დაადასტურეს, რომ თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას, შესაძლოა ახალი მექანიზმი საქართველოსაც შეეხოს.


