მთავარიევროპაუკრაინაუკრაინამ საბერძნეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ბუნებრივი აირის იმპორტის თაობაზე

უკრაინამ საბერძნეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ბუნებრივი აირის იმპორტის თაობაზე

მძიმე ზამთრის მოახლოებისა და საკვანძო ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის მუდმივი თავდასხმების ფონზე, უკრაინამ  16 ნოემბერს საბერძნეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ბუნებრივი აირის იმპორტის თაობაზე.

ათენში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას საბერძნეთიდან ბუნებრივი აირი იანვრიდან მიეწოდება.

უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ათენთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნის ინფრასტრუქტურის გამოყენებით ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანზიტსაც.

„ჩვენ მივაღწიეთ ორმხრივ შეთანხმებას. მადლობას ვუხდით ასევე ამერიკულ კომპანიებს, შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ გვეძლევა შესაძლებლობა,  ბუნებრივი აირი მივიღოთ არა მხოლოდ საბერძნეთიდან, არამედ საბერძნეთის გავლითაც. რადგან საბერძნეთს აქვს ასეთი გლობალური ინფრასტრუქტურა, ჩვენ  ენერგიის მიღებას შევძლებთ ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას ამერიკის შეერთებული შტატების ხალხისა და პრეზიდენტის მიმართ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაზი მილსადენებით გაივლის ჩრდილოეთ საბერძნეთიდან ალექსანდროპოლისის პორტიდან ოდესამდე.

16 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების დროს ზელენსკიმ და მიცოტაკისმა ასევე განიხილეს საბერძნეთის მონაწილეობის საკითხი უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში, ძირითადად მშენებლობის, ჯანდაცვის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა, რამაც ენერგოინფრასტრუქტურა მძიმედ დააზიანა.

„ჩვენ ყოველ ჯერზე აღვადგენთ იმას, რასაც რუსები ანადგურებენ. თუმცა, ამას ნამდვილად სჭირდება დრო, დიდი ძალისხმევა და აღჭურვილობა. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, საჭიროა მისი იმპორტი რათა შევძლოთ ჩვენი იმ წარმოების კომპენსაცია, რომელსაც რუსები ანადგურებენ.  საბერძნეთთან შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაწილია იმ დიდი ენერგეტიკული პაკეტისა, რომელიც ჩვენ ამ ზამთრისთვის მოვამზადეთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის ბუნებრივი აირით მომარაგება“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა საბერძნეთს, შეიძინოს უკრაინული წარმოების იარაღი. უკრაინის ლიდერმა  მადლობა გადაუხადა საბერძნეთს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერისთვის.

ათენიდან ზელენსკი 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ მეცხრე ვიზიტით ჩავიდა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. იგი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართავს მოლაპარაკებებს, რომლებიც ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინის თავდაცვის გაძლიერების საკითხს შეეხება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend