მთავარიევროპაუკრაინაბრძოლა პოკროვსკისთვის გრძელდება

ბრძოლა პოკროვსკისთვის გრძელდება

რუსეთის სასტიკი იერიშები კიევზე მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და დილითაც არ შეწყვეტილა. არიან დაშავებულები და დაღუპულები… უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით,  449 საჰაერო სამიზნიდან უკრაინელმა სამხედროებმა 419 ჰაერში გაანადგურეს. თუმცა რაკეტებისა და დრონების ნაწილმა მაინც გაარღვია საჰაერო თავდაცვის ზღუდე.

ფრონტის ხაზზეც აქტიური საბრძოლო მოქმედებებია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი წერს, რომ ქალაქ პოკროვსკში ისევ დაძაბული ვითარებაა. მისი თქმით, უკრაინა საპასუხო იერიშებით უტევს რუსეთს.

„პოკროვსკის მიმართულება კვლავ მტრის მთავარი სამიზნეა. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ მიმართულებით დანაყოფებისა და ლოგისტიკური მარშრუტების  გაძლიერებას, ასევე ჩვენი ჯარისკაცების ყველა საჭირო ნივთით უზრუნველყოფას.  პოკროვსკსა და მის შემოგარენში უკრაინის დამცველები ეფექტურად მოქმედებენ. ჩვენ ვაძლიერებთ იერიშებს უკრაინული იარაღით რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ობიექტებზე. ნოემბრის დასაწყისიდან სტრატეგიულ დონეზე წარმატებით განადგურდა რუსეთის  33 სამიზნე, ხოლო ოპერატიულ დონეზე  – 41. კომპლექსური დარტყმებისთვის ასევე გამოიყენება შორ მანძილზე მოქმედი დარტყმის  შიდა სისტემები, როგორებიცაა „ფლამინგო“ და „ბარსი””, – წერს გენერალი სირსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის არმიამ შორ მანძილზე მოქმედი უკრაინული  ფრთოსანი რაკეტის – „ფლამინგოს“ გაშვების ამსახველი კადრები გაავრცელა. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათობით რუსული სამხედრო სამიზნე გაანადგურეს.

„გასული 24 საათის განმავლობაში 172 რუსული იერიში მოვიგერიეთ. კურსკის მიმართულებით – 4, კუპიანსკის – 11, ლიმანის ფლანგზე – 13, სლოვიანსკის – 9, კოსტიანტინივსკის მიმართულებაზე – 16, პოკროვსკის ფლანგზე – 51,  ხოლო ორიხივის მიმართულებაზე – 12. რუსეთის საოკუპაციო არმიამ ჩვენ წინააღმდეგ  42 ავიაიერიში განახორციელა და ჯამში 93 მართვადი ავიაბომბით დაბომბა პოზიციები და დასახლებული პუნქტები. ასევე გამოიყენა 6 059 კამიკაძე-დრონი“, – ამბობს ანდრიი სმიანი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშის მიხედვით, რუსული არმია ცდილობს დასახლება პოკროვსკის სრულ კონტროლს,  თუმცა ამ მიზანს ჯერ ვერ მიაღწია კრემლის არმიამ. უკრაინელები აგრძელებენ კონტრიერიშებს, რუსეთის საოკუპაციო არმია კი ცდილობს, ქალაქი პოკროვსკი და მის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი მირნოჰრადი ალყაში მოაქციოს. ვითარებას ართულებს კლიმატური პირობებიც. ფრონტის ამ მიმართულებაზე ნისლია, რომელიც აფერხებს სამხედრო მოქმედებებს.

ამავდროულად, კვლავ  გააქტიურდა ფრონტის სამხრეთი ნაწილი. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ინფორმაციით,  ზაპორიჟიის ოლქში,  დასახლება ორიჰივის მიმართულებაზე, ოთხი აქტიური ზონაა. რეგიონში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტიც.

„ზაპორიჟიის ოლქში მოვინახულე ჩვენი საბრძოლო ბრიგადები, მათ შორის 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა, რომელიც მე-17 კორპუსის ნაწილია და ორიჰივის რაიონში იცავს ჩვენს ქვეყანას. ასევე ვეწვიე 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებიც  სტეპნოჰორსკის რაიონის დაცვას უზრუნველყოფენ. დღეს მეთაურებთან დეტალურად განვიხილეთ, თუ რა არის საჭირო ჩვენი პოზიციების გასაძლიერებლად და როგორ განვათავსოთ უფრო მეტი ძალა ამ მნიშვნელოვან რაიონში“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უამინდობის გამო საბრძოლო მოქმედებების ტემპი მნიშვნელოვნად იკლებს ფრონტის ხაზზე.  ორივე მხარე ცდილობს, პოზიციები იქამდე გაიმყაროს, სანამ კლიმატური პირობები უფრო მეტად გაუარესდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:10

ძველი ხიდი

spot_imgspot_img
Send this to a friend