რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე იერიშებს. ამჯერად ოკუპანტების სამიზნე უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, ხარკივი იყო, რომელიც ირანული შაჰედის ტიპის დრონების სამი თავდასხმის სამიზნე გახდა.
რუსულმა ძალებმა ხარკივზე სამჯერ მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე რეგიონული გაწვევისა და სოციალური დახმარების ცენტრები, ასევე ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების კომპანია იყო.
„ინფორმაცია გვაქვს, რომ „შაჰედის“ ტიპის დრონებით სამჯერ მიიტანეს იერიში ხარკივის ხოლოდნოჰირსკის რაიონზე, ძველ საცხოვრებელ უბანზე. დაშავებულია ერთი პირი, რომელსაც მსუბუქი დაზიანება აქვს. თუმცა, ჯერ კიდევ დილაა. ქუჩაში ბევრი ადამიანი იყო. საბედნიეროდ, ბევრი არ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყველა დანაყოფი, უპირველეს ყოვლისა, შედეგების აღმოფხვრასა და ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. შემდეგ გავასუფთავებთ ტერიტორიას ნანგრევებისგან და ვნახავთ, არის თუ არა მის ქვეშ კიდევ ვინმე მოყოლილი“, – განაცხადა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინიეგუბოვმა.
სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმების შედეგად, დაზიანდა შენობები და საწყობები. ბოლო მონაცემებით, ხუთი დაშავებულიდან ოთხი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთს კი ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
რუსეთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე თითქმის ოთხი წლის წინ შეიჭრა და ამჟამად უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით ერთი მეხუთედი აქვს ოკუპირებული. აშშ-ის ახალი სანქციები, რომელთა სამიზნეც რუსეთის ეკონომიკის საყრდენი – ნავთობის სექტორია, 21 ნოემბერს უნდა ამოქმედდეს. სანქციების მიზანია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

