აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ხარჯების შესახებ კანონპროექტს, რომელიც დაასრულებს მთავრობის ე.წ. „შათდაუნს“, რომელიც ამერიკის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეწყვეტას გულისხმობს.
„მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანა ასეთ კარგ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა. ჩვენ დემოკრატების მიერ გამოწვეული მოკლევადიანი კატასტროფა გადავიტანეთ. მათ ეგონათ, რომ ეს პოლიტიკურად კარგი ნაბიჯი იყო. ახლა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია წარმოუდგენელ კანონპროექტს ხელი მოვაწეროთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ კვლავ დაიწყოს მუშაობა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე კანონპროექტი მიიღო შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ. პალატაში კანონპროექტს მხარი 222-მა კონგრესმენმა დაუჭირა, მათ შორის ექვსმა „დემოკრატმა“, წინააღმდეგ იყო – 209.
წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატი“ წევრების მცირე ჯგუფმა „რესპუბლიკელებთან“ ერთად მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის დაფინანსების განახლებულ ზომებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტიის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილებულა.
დემოკრატები „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის“ ფარგლებში გაძლიერებული სუბსიდიების გაგრძელებას ითხოვდნენ, რაც მილიონობით ამერიკელს დაზღვევის შეძენაში დაეხმარებოდა.
კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამდე სენატმა დაამტკიცა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეცემა ხელმოსაწერად. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ აშშ-ის ისტორიაში მთავრობის „შათდაუნის“ ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც 40 დღეზე დიდხანს გაგრძელდა, ოფიციალურად დასრულდება.

