აშშ-ის სამხედროები იკვლევენ, ააშენონ თუ არა ღაზის სექტორთან ახლოს დროებითი ბაზა, რომელსაც ათასობით ჯარისკაცის განთავსება შეეძლება, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მიზნით. აშშ-ის მხარემ პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეაფასა.
ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა წინადადება ისრაელის მთავრობასთან და ისრაელის თავდაცვის ძალებთან მოლაპარაკებებისას წარადგინეს და ღაზის პერიფერიებზე პოტენციური ადგილების შესწავლა დაიწყეს.
ეს ჯარები, რომლებსაც საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები ეწოდებათ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად იმუშავებენ ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ისრაელსა და ჰამასს შორის ორ წელზე მეტი ხნის ომის შემდეგ ურთიერთობების აღსადგენად.


