ერევანი მოსკოვს სომხეთის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში ადანაშაულებს.
ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის განცხადებით, რუსული მხარე ზეწოლას სხვადასხვა ფორმით ცდილობს, მათ შორის მედიის მეშვეობით პროვოკაციული მასალებისა და პროპაგანდისტული შინაარსის პოლიტიკური ინფორმაციის გავრცელებით.
სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის განცხადებას პასუხობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა. მისი მტკიცებით, მოსკოვის მიზანი არასდროს არ ყოფილა და არც მომავალში იქნება სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა.
ამ კონტექსტში მარია ზახაროვამ ახსენა საქართველოც და ე.წ. „კოლექტიური დასავლეთის სახელმწიფოები“ დაადანაშაულა ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში:
„ჰიბრიდული ომის“ კონცეფცია გამოიგონეს და მალევე აქტიურად დაიწყეს მისი გამოყენება ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა. არც ისე შორეულ წარსულში, სომხეთის მეზობელ საქართველოში „კოლექტიური დასავლეთის“ ქვეყნებმა კვლავ გამოავლინეს საკუთარი თავი, ჩვეული „ჰიბრიდული სილამაზით“ – უხეშად ერეოდნენ შიდაპოლიტიკურ პროცესებში, აღვივებდნენ „მაიდნის“ განწყობებს, თბილისს უარს ეუბნებოდნენ განვითარების გზის თავისუფლად არჩევაში, ატარებდნენ ღია პოლიტიკურ შანტაჟს, ემუქრებოდნენ ისედაც წარმოსახვითი ევროპერსპექტივების დაკარგვით. ასეთი მიდგომა ჩვენთვის უცხოა. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და მომავალშიც პატივს ვცემთ ნებისმიერი ერის სუვერენულ არჩევანს.
ამასთან, არ შეგვიძლია, არ აღვნიშნოთ, რომ განცხადებები სომხეთის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ შესახებ ისმის იმ ფონზე, როდესაც სომხეთში იდევნებიან ჩვენს ქვეყანასთან კავშირების განვითარების მხარდამჭერები, თითქოს ბოლო წლებში სხვა ქვეყნებში, მაგალითად მოლდოვაში, დამუშავებული სქემის მიხედვით…
სომხეთისთვის რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება სანდო მოკავშირედ. როგორც წესი, მოსკოვი დაუყოვნებლივ ეხმარება მოძმე ერს…“ – მარია ზახაროვას ამ სიტყვებს ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


