უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ სჯერა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას, ნათქვამების, თითქოს ის უკრაინელი ხალხისადმი დადებითად არის განწყობილი და სურს მოსკოვსა და კიევს შორის სამხედრო აგრესიის მშვიდობიანად დასრულება.
ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, უკრაინა არასდროს დასთანხმდება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს, თუკი მოლაპარაკებები ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართება. მიზეზად კი მან დაასახელა მინსკის პროკრემლისტური პოლიტიკა.
„ლუკაშენკა არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ახლა ის ძალიან მჭევრმეტყველი გახდა და მედიით გვაჩვენებს, რამდენად „კეთილგანწყობილია“ ჩვენი ერისადმი. ჩვენ მისი „კეთილგანწყობა“, რომელიც დილის 4 საათზე რაკეტების სახით გამოიხატა, არ გვჭირდება. თუ ის ფიქრობს, რომ, მისივე სიტყვებით ვიტყვი, „წაშლის ჩვენს მეხსიერებას“, ცდება.
ახალგაზრდა ადამიანები ვართ. ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და ის ნებისმიერ შემთხვევაში გადაიხდის იმის ფასს, რაც გააკეთა, კონკრეტულად კი ის, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიიდან დაუშვა შეტევის დაწყება ჩვენ წინააღმდეგ. ამას არავინ დაივიწყებს…” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


