„ძალიან ბევრია დამოკიდებული ტარიფებზე, როგორც ქვეყნის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების მექანიზმზე. ამიტომ, ალტერნატიულ გეგმებზე საუბარი არ მსურს“, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ რა არის გეგმა იმ შემთხვევაში, თუკი უზენაესი სასამართლო ტარიფების საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სასარგებლოდ არ მიიღებს.
დონალდ ტრამპმა კითხვაზე პასუხად თქვა ისიც, რომ მისი აზრით, ეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა.
„ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. ძალიან ბევრია დამოკიდებული ტარიფებზე, როგორც ქვეყნის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების მექანიზმზე. ამიტომ, ალტერნატიულ გეგმებზე საუბარი არ მსურს, რადგან ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ჩინეთს შეხედავთ – და ეს გუშინაც აღვნიშნე – არსებულ ტარიფებზე დამატებით ასპროცენტიანი ტარიფის დაწესებით, ისინი მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ, ვისაუბრეთ და შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ…
ჩვენ ფენომენალური შეთანხმებების დადება შეგვიძლია და ტარიფების გარეშე ამას ვერ გავაკეთებდით. ამიტომ გვგონია, რომ გუშინ სასამართლოში კარგად გამოვიყურებოდით. ვიმედოვნებთ, რომ ასეა. ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მოგვიწევს სათადარიგო გეგმის შემუშავება. ვნახოთ, რა მოხდება. ბევრმა მითხრა, რომ იურიდიული თვალსაზრისით ძალიან კარგად გამოვიჩინეთ თავი”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მას შემდეგ, რაც პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ დონალდ ტრამპს გლობალური ტარიფების დაწესების უფლებამოსილება არ ჰქონდა, საქმის განხილვა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესს სასამართლოში დაიწყო.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მაისში მიიღო და დაადგინა, რომ პრეზიდენტის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოა. „თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ეს ამერიკის შეეერთებულ შტატებს ფაქტობრივად გაანადგურებს“, – ასეთია დონალდ ტრამპის პოზიცია.
ბუნებრივია, სასამართლო განხილვის პარალელურად ჩნდება კითხვა, თუ უზენაესი სასამართლო დონალდ ტრამპისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, იგეგმება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იმ მილიარდების დაბრუნება, რომელიც იმპორტის გადასახადებიდან შეგროვდა.

