ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ დაწესებული ტარიფების საკითხს ახლა უკვე უზენაესი სასამართლო განიხილავს.
ვიდრე საქმის განხილვას უზენაესი სასამართლო დაიწყებდა, პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს გლობალური ტარიფების დაწესების უფლებამოსილება არ ჰქონდა და რომ ტარიფები უკანონოა.
სააპელაციო სასამართლომ მაისში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფდა დონალდ ტრამპის არგუმენტს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გლობალური ტარიფების დაწესება საგანგებო უფლებამოსილების შესახებ კანონით იყო გათვალისწინებული.
მეორე ინსტანციის სასამართლომ პრეზიდენტის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოდ გამოაცხადა. ტრამპმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გააკრიტიკა და მას „კატასტროფა“ უწოდა. „თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაქტობრივად გაანადგურებს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში.
უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ტარიფების გაუქმებას გამოიწვევს, სავარაუდოდ, დაუყოვნებლივ აისახება ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაზე. ბუნებრივია, სასამართლო განხილვის პარალელურად ჩნდება კითხვა – თუ უზენაესი სასამართლო დონალდ ტრამპისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, იგეგმება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იმ მილიარდების დაბრუნება, რომლებიც იმპორტის გადასახადებიდან შეგროვდა.

