5 ნოემბრის ღამეს მთვარე უფრო დიდი და კაშკაშა ჩანდა. ამ დროს სავსე მთვარე დედამიწის ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობისას დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილში აღმოჩნდება და განსაკუთრებით დიდი და კაშკაშა ჩანს. ასეთ მთვარეს კი სუპერმთვარეს უწოდებენ.
NASA-ს მონაცემებით, ამ დროს სუპერმთვარე წლის ყველაზე მკრთალ მთვარესთან შედარებით 14%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა ჩანს. 5 ნოემბერს მთვარესა და დედამიწას შორის დაშორება 357 000 კილომეტრამდე იყო. შესაბამისად, წელს სუპერმთვარე ყველაზე დიდად სწორედ 5 ნოემბერს გამოჩნდა.
„ეს არის სილამაზე, რომელსაც ასტრონომია გვაჩუქებს. ეს არის ის, რითაც შეგვიძლია დავტკბეთ კოლუმბიაში. არის ქვეყნები, სადაც ამ აუხსნელი მოვლენის დანახვა შეუძლებელია. ჩვენ გაგვიმართლა, ჩვენ ბედნიერები ვართ, ეს, მართლაც, ძალიან ლამაზია“, – ამბობს კოლუმბიელი, ხუან დავიდ სალასი, რომელიც ღამით სუპერმთვარის სანახავად კოლუმბიის დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა.
სუპერმთვარეს მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი აკვირდებოდა. მთვარე განსაკუთრებით დიდი ჩანდა მექსიკასა და კოლუმბიაში. სუპერმთვარის დასანახად სპეციალური აღჭურვილობა საჭირო არ არის, თუ მოწმენდილი ცა ამის საშუალებას იძლევა. სუპერმთვარე წელს მხოლოდ 3-ჯერ გამოჩნდება. წელს პირველად სუპერმთვარე 6 ოქტომბერს გამოჩნდა. წელს მესამე სუპერმთვარის ხილვის შესაძლებლობა მოსახლეობას მსოფლიო მასშტაბით წლის ბოლოს დეკემბერში შეეძლება.

