რუსეთმა შესაძლოა განაახლოს ბირთვული იარაღის გამოცდა, თუ შეერთებული შტატები პირველი დაიწყებს ასეთ ტესტებს – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს, 5 ნოემბერს, განაცხადა დონალდ ტრამპის განცხადებების საპასუხოდ.
ტრამპმა გასულ კვირას სოციალურ მედიაში დაწერა, რომ პენტაგონს დაავალა ბირთვული ტესტების დაწყება, თუმცა გაურკვეველია, გულისხმობდა თუ არა ის იარაღის ბირთვული ქობინებით გამოცდებს.
პუტინის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავდაცვის უწყებამ და სპეცსამსახურებმა უნდა შეაგროვონ ინფორმაცია და შეაფასონ, რამდენად მიზანშეწონილია ბირთვული ტესტებისთვის მზადების დაწყება.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მოგვიანებით განმარტა, რომ საუბარი მხოლოდ შესწავლის შესახებ იყო და არ არსებობს კონკრეტული ბრძანება გამოცდის დაწყებაზე.
რუსეთმა ბოლო ბირთვული გამოცდა 1990 წელს ჩაატარა. 1996 წელს მოსკოვმა და ვაშინგტონმა ხელი მოაწერეს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულებას.
თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელუსოვმა ნოვაია ზემლიას პოლიგონის მზადყოფნა მოითხოვა და აღნიშნა, რომ „სრულმასშტაბიანი ბირთვული ტესტებისთვის მზადების დაწყება მიზანშეწონილია“.
ბირთვული რიტორიკა აშშ-სა და რუსეთს შორის გამკაცრდა მას შემდეგ, რაც პუტინმა ბოლოს ოქტომბერში ჩაატარა ორი ბირთვული იარაღის ტესტი, თუმცა ბირთვული ქობინების გარეშე.
